Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე: ხელისუფლებას არჩევნების ეშინია


„ევროპული საქართველოს’ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების ეშინია. ასე გამოეხმაურა ბაქრაძე სამეგრელოში ოპოზიციის წევრების დაკავების ფაქტს.

ბაქრაძის სიტყვებით, ქვეყანაში, სადაც ყოველ დღე მატულობს კრიმინალი, პოლიციის მთავარი დავალება გახდა პოლიტიკური ოპონენტების დევნა და ივანიშვილის სასახლის დაცვა.

"ეს არის პოლიციის დანგრევა, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანება „ქართული ოცნების“ მხრიდან. „ქართულ ოცნებას“ ეშინია და სამართლიანად ეშინია არჩევნების. იმიტომ, რომ ისინი აუცილებლად წააგებენ არჩევნებს. პოლიციის ძალით მოგებული არჩევნები არ არსებობს. რაც უფრო მეტად ცუდად მოიქცევიან დღეს, რაც უფრო მეტად დააზიანებენ საარჩევნო პროცესს და მეტად ჩამოშლიან სახელმწიფო ინსტიტუტებს საკუთარი პარტიული ინტერესისთვის, მით უფრო გარდაუვლად და მწარედ წააგებენ ხვალ,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანია ინციდენტებით მიმდინარეობს. 11 აპრილს სამართალდამცველებმა ოპოზიციის წევრები დააკავეს. იქ შეხვედრას მართავდა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი.

წითლიძე და პატარაია წუხელ გაათავისუფლეს, მანუჩარ ჩხეტია კი წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. მას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG