Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანდრა რულოვსი მისი შტაბის წარმომადგენლის გათავისუფლებას მოითხოვს


სანდრა რულოვსი
სანდრა რულოვსი

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ზუგდიდის მერობის კანდიდატად დასახელებულმა სანდრა რულოვსმა მოითხოვა, რომ მისი საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი მანუჩარ ჩხეტია ყოველგვარი სასჯელის გარეშე გაათავისუფლონ.

ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე რულოვსმა განაცხადა, რომ ჩხეტია უსაფუძვლოდაა დაკავებული.

სანდრა რულოვსის თქმით, ორი კვირაა ზუგდიდში იმყოფება და მოსახლეობასთან მშვიდობიან შეხვედრებს მართავს, თუმცა, დასდევენ და პროვოკაციებს უწყობენ. მერობის კანდიდატმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა, თვალყური ადევნონ საარჩევნო პროცესებს.

„ვატარებ მშვიდობიან შეხვედრებს მოსახლეობასთან და დაგვდევს გადაცმული პოლიციელები, პროვოკატორებს ეძახიან. მერე გამოჩნდებიან შეხვედრებზე პროვოკაციებზე მოდიან და გვიშლიან ხელს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. ეს არის დაუშვებელი“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა. მისივე თქმით, იქნება მოსყიდვა და ძალადობაც, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ვერავინ შეაჩერებს.

11 აპრილს ღამით, პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში დააკავა სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბის წევრები ანა წითლიძე, მანუჩარ ჩხეტია და გიორგი პატარაია. მოგვიანებით წითლიძე და პატარაია გაათავისუფლეს, ჩხეტიას კი ბრალი წაუყენეს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, სანდრა რულოვსის საარჩევნო შეხვედრებს თვალყურს ადევნებდნენ უცნობი პირები, რომელთა ვინაობის გარკვევა უშედეგოდ სცადეს და გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც ვითარების გარკვევის ნაცვლად აგრესია გამოიჩინა და ოპოზიციის წარმომადგენელთა პროვოცირება მოახდინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლები სოფელ ნარაზენთან სამსახურეობრივ შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მათ ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სამართალდამრღვევი პირები მას შემდეგ დააკავეს, რაც ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG