Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა: ზელენსკი პოროშენკოს 14 აპრილს არ შეხვდება


უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატი ვლადიმირ ზელენსკი 14 აპრილს არ აპირებს პეტრო პოროშენკოსთან დებატებში ჩართვას. ის მზად არის, რომ მოქმედ პრეზიდენტთან დებატებში მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ 19 აპრილს, კიევის სტადიონზე. ამის შესახებ „ეხო მოსკვი“ იტყობინება, ვლადიმირ ზელენსკის საარჩევნო შტაბზე დაყრდნობით.

პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელიც 31 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მეორე ადგილზე გავიდა, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე მისვლას 14 აპრილს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია 13 აპრილს გაავრცელა სტადიონის ადმინისტრაციამ.

უკრაინის პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა ცნობა ოლიმპიურ სტადიონზე დაგეგმილი ღონისძიების შესახებ.

პოროშენკომ და ზელენსკიმ ხუთშაბათს ტელეარხ "1+1"-ის ეთერში იკამათეს დებატების ადგილისა და თარიღის გარშემო. პოროშენკო ტელესტუდიაში მივიდა, ხოლო ზელენსკი პარიზიდან ტელეფონით ჩაერთო საუბარში.

უკრაინის პრეზიდენტმა ოპონენტი სტადიონზე 14 აპრილს მიიწვია, ხოლო ზელენსკიმ თქვა, რომ ადრე მოილაპარაკეს სხვა თარიღზე, 19 აპრილზე, როცა უნდა ჩატარდეს კანდიდატებს შორის კანონით გათვალისწინებული ოფიციალური დებატები.

31 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე პირველ ტურში პირველ ადგილზე გასულმა, ვლადიმირ ზელენსკიმ აღარ მოუსმინა ოპონენტის საწინააღმდეგო მოსაზრებას და ტელეფონი გათიშა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG