Accessibility links

site logo site logo

გიორგი მშვენიერაძე: უმრავლესობას სურს, ჩვენი ჩართულობის გარეშე განიხილონ კანონპროექტი


„ხელისუფლება აპირებს პროცესი ჩაკეტოს, რათა მოახერხოს სასურველი ნორმების გატანა კანონის სახით“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელმა, რომელიც პარლამენტში, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით საკომიტეტო განხილვას ესწრება.

„სწორედ კომიტეტზე წყდება და თანხმდება, იმართება დისკუსია თითოეული მუხლის შესახებ. შესაბამისად, ერთადერთი გზა, რომლითაც შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას ჩაერთოს კანონპროექტის განხილვაში, ეს არის საკომიტეტო მოსმენა. „ქართულმა ოცნებამ" თავის დროზე დადო პირობა, რომ ვენეციის დასკვნის გარეშე მეორე საკომიტეტო მოსმენა არ გაიმართებოდა. თუმცა, როგორც ხედავთ ამ პირობას არღვევენ და არღვევენ ალბათ იმიტომ, რომ სწორედ ჩვენი ჩართულობით არ მოხდეს კანონპროექტის განხილვა. დარწმუნებული ვარ, ვენეციის კომისიაც მოუწოდებს ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს პროცესი წარიმართოს ფართო ინკლუზიურობით და მათ შორის საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით", - აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.

იურიდიული კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს „ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ. მათი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „თავისი ფუნქციის შესრულებაზე ამბობს უარს“ და დგამს არამართებულ ნაბიჯს, როდესაც ვენეციის კომისიის დასკვნის გაცნობამდე ასე ჩქარობს მოსამართლეების საკითხის განხილვას.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს და პროცედურებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, ვენეციის კომისიის დასკვნას და რეკომენდაციებს 16 აპრილს ელოდებიან და პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენის წინ, ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG