Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გორდა“ ისრაელში არ შეუშვეს. საბავშვო ფესტივალში მონაწილე ანსამბლის 17 წევრიდან, 5 იყო ბავშვი


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ქართული ცეკვის ანსამბლი „გორდა“ ისრაელში იმიტომ არ შეუშვეს, რომ ანსამბლი მიდიოდა საბავშვო ფესტივალზე, თუმცა, ანსამბლის 17 წევრიდან, მხოლოდ 5 იყო ბავშვი, დანარჩენი კი 25 წლის ზემოთ პირები.

საგარეო უწყების ცნობით, ისრაელში წასული ანსამბლის შემადგენლობა საქართველოში 17 აპრილს დაბრუნდება.

ამ დროისთვის ისინი ისრაელის სადეპორტაციო განყოფილებაში იმყოფებიან, რომელთა მოსანახულებლად საქართველოს კონსული მივიდა.

„14 აპრილს ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურიდან საქართველოს საკონსულოში შევიდა ინფორმაცია საზღვარზე შემოწმების მიზნით ანსამბლ „გორდა"-ს 17- კაციანი ჯგუფის შეფერხების შესახებ. მესაზღვრეებისათვის საეჭვო გახდა ის გარემოება, რომ ანსამბლი ისრაელში მიდიოდა საბავშვო ფესტივალზე მონაწილეობის მიზნით და ანსამბლის 17 წევრიდან მხოლოდ 5 იყო ბავშვი, დანარჩენი კი 25 წლის ზემოთ პირები. შესაბამისად, მათ უარი ეთქვათ ისრაელში შესვლაზე. ისრაელში საქართველოს კონსული ესაუბრა ასევე ჯგუფის ხელმძღვანელს. ისრაელის მხარე, იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ბავშვები, თანახმა იყო მიეცათ შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისათვის შეეძინათ ბილეთები საქართველოში დასაბრუნებელ უახლოეს რეისზე, თუმცა, მშობლებმა აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად კომპანია myway-ს, რომლის მეშვეობით ისინი ჩამოვიდნენ ისრაელში, თბილისში უახლოესი შემდგომი რეისი აქვს 17 აპრილს 13:30 საათზე".

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს კონსული საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად აეროპორტის წინასწარი განთავსების დაწესებულებაში გაემგზავრა. კონსული ესაუბრა სადეპორტო ადმინისტრაციას და სთხოვა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ბავშვებს. უწყების ცნობით, ხუთი ბავშვიდან სამს თან ახლავს ორივე მშობელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG