Accessibility links

რუსეთში სასამართლომ გადადო კირილ სერებრენიკოვის პროცესი


რუსეთში მოსამართლემ ბრძანება გასცა თავიდან იქნეს შესწავლილი მტკიცებულებები, რომლებიც თან ერთვის თეატრის რეჟისორის, კირილ სერებრენიკოვის და სხვა განსასჯელების საქმეს და ორი თვით გადადო სხდომის გამართვის თარიღი.

15 მაისს გაკეთებული ეს განცხადება ბევრმა ჩათვალა გამარჯვებად დაცვის მხარისთვის, რომელიც კითხვის ქვეშ აყენებს პროკურორების მიერ წარდგენილ ფინანსურ დოკუმენტაციას ამ გახმაურებულ საქმეში.

მეშჩანსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ირინა აკურატოვამ გასცა ბრძანება "საფუძვლიანად" შეისწავლონ ფინანსური, შემოქმედებითი და სხვა ტიპის ინფორმაცია, რომელიც საქმეს ერთვის თან და განხილვის თარიღად 17 ივნისი დააწესა.

„მეშვიდე სტუდიის“ მხატვრული ხელმძღვანელი სერებრენიკოვი 2017 წლის აგვისტოში დააპატიმრეს, რასაც მწვავე საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა. ამ ფაქტმა გააძლიერა ვარაუდი, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავრობა ავიწროებს კულტურის სფეროში მომუშავე პირებს, რომლებსაც არ აქვთ ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა.

49 წლის სერებრენიკოვს თავიდან ბრალი დასდეს 68 მილიონი რუბლის (1 მილიონი დოლარის) გაფლანგვაში იმ თანხიდან, რომელიც სახელმწიფომ 2011-2014 წლებში გამოუყო „მეშვიდე სტუდიას“, არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც სერებრენიკოვმა დააარსა.

2018 წლის იანვარში პროკურორებმა გაზარდეს თანხა, რომლის გაფლანგვაშიც სერებრენიკოვსა და კიდევ სამ პირს ადანაშაულებენ, და ის 133 მილიონ რუბლს (2 მილიონ დოლარს) გაუტოლეს. განსასჯელის სკამზე ასევე აღმოჩნდნენ „მეშვიდე სტუდიის“ გენერალური პროდიუსერი ალექსეი მალობროდსკი, გენერალური დირექტორი იური იტინი და კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი სოფია აპფელბაუმი. განსასჯელები დანაშაულს უარყოფენ და ბრალდებებს შეთითხნილად მიიჩნევენ. სერებრენიკოვი საქმეს „აბსურდს“ უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG