Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო უწყების კომენტარი ოკუპირებულ აფხაზეთში AirBnB-ის ოპერირების განახლებაზე


"გასულ კვირას გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინირებულად, აშშ-ში საქართველოს საელჩომ განაახლა კომუნიკაცია კომპანიასთან. მოგეხსენებათ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მოხდა კომპანიის ზოგადი მიდგომების ცვლილების კონტექსტში.

• ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი საკითხის ხელახალი განხილვისა და შექმნილი ვითარების გამოსწორების მიზნით, რომლის შედეგებსაც გაცნობებთ დამატებით.

• ამასთან, შეგახსენებთ, რომ, სწორედ აქტიური დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, მიმდინარე წლის იანვარში მოხერხდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, როგორც ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებში, მდებარე ბინების აღება Airbnb-ის საიტიდან", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში, რომელიც უწყებამ რადიო თავისუფლებას მიაწოდა.

ინფორმაცია, რომ Airbnb-ზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მდებარე ბინები და სახლები კვლავ ხელმისაწვდომი იქნება, ონლაინპლატფორმის ოფიციალურ საიტზე 10 აპრილს გამოქვეყნდა. მანამდე, მიმდინარე წლის იანვარში, აპარტამენტების (ბინების) გაქირავების სერვისმა მიიღო გადაწყვეტილება, წაეშალა განცხადებები აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან. კომპანიამ ამ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადებაც გამოაქვეყნა:

„კომპანიამ შეიმუშავა სტრუქტურა იმის შესაფასებლად, თუ როგორ უნდა მივუდგეთ სადავო ტერიტორიებზე არსებულ შეთავაზებებს. მათ შორის არის ისეთი ტერიტორიები, რომლებიც ითვლება ოკუპირებულად, სადაც სახლები, ჩვენი ბიზნესის საფუძველი, წარმოადგენს დავისა და კონფლიქტის გაღრმავების მიზეზს."

რაც შეეხება კომპანიის ახალ გადაწყვეტილებას, სადავო ტერიტორიებიდან განცხადებების კვლავ გამოქვეყნების შესახებ, პორტალის ადმინისტრაცია ამ ნაბიჯს იმით ხსნის, რომ ბინების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი გადაეცემა არამომგებიან ორგანიზაციებს, რომლებიც მსოფლიოში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით არიან დაკავებულნი. ამგვარად, Airbnb სადავო რეგიონებში მდებარე ობიექტების გაქირავებისგან მიღებულ შემოსავალზე უარს ამბობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG