Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზის ვიცე-მერი: ნოტრ-დამს კოლოსალური ზიანი მიადგა


პარიზის ვიცე-მერი აცხადებს, რომ ღვთისმშობლის ტაძარს "კოლოსალური ზიანი" მიადგა 15 აპრილს გაჩენილი ხანძრის გამო, რომლის შედეგადაც ჩაინგრა ტაძრის სახურავი.

მედიასთან საუბრისას, ვიცე-მერმა, ემანუელ გრეგუარმა თქვა, რომ მაშველები ცდილობენ ტაძარში შენახული ხელოვნების ნიმუშების და სხვა ფასდაუდებელი ნივთების გადარჩენას.

სააგენტო "ასოშიეიტედ პრესი" ავრცელებს ტაძარში მომუშავე პირის სიტყვებს, რომ იწვის ნოტრ-დამის მთელი ხის ინტერიერი და ის, სავარაუდოდ, განადგურდება.

"დამწუხრებული ვარ, რადგან ახლა ყველა ჩვენგანის ნაწილი იწვის" - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ტვიტერით. იუწყებიან, რომ პრეზიდენტი შემთხვევის ადგილთან მიდის.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი სწრაფად მოედო. სოციალური მედიით ვრცელდება ფოტოები, რომლებზეც ასახულია კვამლი ღვთისმშობლის ტაძრის თავზე.

მეხანძრეებმა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან და შენობებიდან ხალხი გაიყვანეს.

პარიზის პროკურორის ოფისი აცხადებს, რომ დაიწყო ხანძრის მიზეზების გამოძიება. პოლიციის ცნობით, მიზეზი უცნობია, თუმცა მეხანძრეები ვარაუდობენ, რომ ხანძარი შესაძლოა შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდებოდეს.

ნოტრ-დამი, რომლის ისტორიაც მეთორმეტე საუკუნიდან იწყება, აღწერილია ვიქტორ ჰიუგოს კლასიკურ რომანში. მას ყოველწლიურად მილიონობით მნახველი სტუმრობს.

ნოტრ-დამში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ზოგიერთ განყოფილებაში ხარაჩოები იდგა. იუწყებიან, რომ ბრინჯაოს ძეგლები იქიდან გასულ კვირაში გაიტანეს, რემონტის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG