Accessibility links

site logo site logo

შსს-მ დამტვრეული ავტომანქანების ინსტალაციის ავტორობა აღიარა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამართა პრეზენტაცია ახალი სოციალური კამპანიისა, რომლის ფარგლებშიც თბილისსა და რეგიონებში დამონტაჟდა დამტვრეული ავტომანქანების ინსტალაცია. კამპანიის ფარგლებში დაიდგა საინფორმაციო ბანერები და დამზადდა ვიდეორგოლები.

მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის“ მიზანია საზოგადოების გამოყვანა კომფორტის ზონიდან, რათა რეალურად შეფასდეს საგზაო უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევები.

„რა თქმა უნდა, ნაწილობრივ ჩვენ ეს შევძელით. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კრიტიკოსს, მათ შორის მძაფრი კრიტიკისთვის. ასევე, ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს და კიდევ ბევრ ადამიანს, რომლებმაც მართლაც კრიტიკის ქარცეცხლში გაგვატარა. თუმცა ეს არ ყოფილა ჩვენი მარტივი არჩევანი. ყოველთვის ვიაზრებდით და დღესაც ვიაზრებთ, რომ თუ ობიექტურ რეალობას არ გავუსწორეთ თვალი, ამ პრობლემის მოგვარების არანაირი შანსი არ გვექნება" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

თბილისსა და საქართველოს რეგიონებში რამდენიმე დღის წინ დაიდგა ამოტრიალებული, დამტვრეული ავტომანქანები. იდეის ავტორი დღემდე ოფიციალურად უცნობი იყო.

შსს-ს ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს შეეწირა 459 ადამიანის სიცოცხლე. ბოლო 10 წლის განმავლობაში დაიღუპა 6 608 და დაშავდა 85 946 ადამიანი.

სოციალურ კამპანიასთან ერთად, შსს-მ წარმოადგინა 2019 წლის სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით, წლის ბოლომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედებული იქნება 5 000-მდე ვიდეოკამერა, მათ შორის 2 100 ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა, ხოლო სექციური სიჩქარის მზომი მოწყობილობებით გადაიფარება საავტომობილო გზის 700 კმ-მდე მონაკვეთი.

წლის ბოლომდე გაიზრდება ფარული პატრულირების ეკიპაჟების რაოდენობა, რომლებიც ძირითადად, ქალაქებში იმოძრავებენ და საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ მძღოლებს შესაბამის სანქციას დააკისრებენ.

შსს-ს ინფორმაციით, ინერგება ავტომობილის ნომრის ამომცნობი, ინივაციური მობილური სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ადგილზე გამოავლინოს სხვადასხვა კატეგორიის რისკის მქონე მძღოლები და პრევენციული საპოლიციო ქმედების ფარგლებში შეამოწმოს.

2019 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელდება საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ზოგიერთ შემთხვევაში სანქციები გამკაცრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG