Accessibility links

site logo site logo

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დაამტკიცა სადავო კანონი ინტერნეტის უსაფრთხოების შესახებ


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატამ მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი რუსეთში ინტერნეტის „უსაფრთხო და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ“, რაც ცნობილია „რუნეტის იზოლაციის“ სახელით.

რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რუნეტის იზოლაციის შესახებ კანონპროექტი სახელმწიფო სათათბიროში შევიდა 2018 წლის დეკემბერში. 12 თებერვალს იგი მიიღეს პირველი მოსმენით, გასულ კვირაში - მეორით.

რუსმა კანონმდებლებმა 16 აპრილს 307-ი ხმით 68-ის წინააღმდეგ მიიღეს კანონი, რომელიც ოპონენტების აზრით, რუსეთში ცენზურის ფართოდ გავრცელების საფუძველს იძლევა.

დოკუმენტი სახელმწიფო სათათბიროდან გაიგზავნება ზედა პალატაში, ფედერაციის საბჭოში, ვიდრე მას საბოლოოდ მოაწერდეს ხელს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

სადავო კანონის ნაწილი ძალაში უნდა შევიდეს მიმდინარე წლის ნოემბერში,ხოლო დებულებები - ინფორმაციის კრიპტოგრაფიული დაცვისა და დომენთა სახელწოდებების ნაციონალური სისტემების შესახებ, 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში აცხადებენ, რომ კანონპროექტი მომზადდა 2018 წლის სექტემბერში მიღებული, აშშ-ის კიბერუსაფრთხოების ნაციონალური სტრატეგიის "აგრესიული ხასიათის გათვალისწინებით.“

დოკუმენტების კრიტიკოსები შიშობენ, რომ ავტონომიური ქსელის შექმნა რუსეთში შესაძლებელს გახდის ინტერნეტზე ტოტალურ ცენზურას. ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გაიმართა აქციები თავისუფალი ინტერნეტის მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG