Accessibility links

site logo site logo

სულხან სალაძე: რასაც ვუმტკიცებდით „ქართულ ოცნებას“ იმას ამბობს ვენეციის კომისია


სულხან სალაძე

„ვენეციის კომისიის დასკვანამ, პრაქტიკულად, დაადასტურა, რომ ამ პროცესში მმართველი პარტია და სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფი იყო ერთ მხარეს და ყველა სხვა დანარჩენები ვიდექით მეორე მხარეს. იმედია, ახლა მმართველი პარტია იმის კითხვას არ დაიწყებს ვენეციის კომისიის დასკვნაში, რაც იქ არ წერია“, - ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე სულხან სალაძე.

რაც შეეხება შინაარსობრივ საკითხებს, სულხან სალაძის განმარტებით, ვენეციის კომისია იგივეს ამბობს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით, რასაც თვეების განმავლობაში სამოქალაქო სექტორი აცხადებდა, რომ ეს ამცირებდა გარედან კანდიდატის მოხვედრის შესაძლებლობას. იგივე შეეხება ინტერესთა კონფლიქტის თემას.

„ჩვენ ვამბობდით, რომ ინტერესთა კონფლიქტად არ უნდა გავიგოთ მხოლოდ ის, რომ პირი საკუთარი თავის კენჭისყრაში არ მონაწილეობს თუ ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია, არამედ უნდა განვმარტოთ ფართოდ და ის უნდა ეთიშებოდეს პროცესს, როდესაც ეს პროცესი იწყება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. რატომ იყო ეს ასეთი რთული ასახსნელი და დასაჯერებელი „ქართული ოცნებისთვის“ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ვენეციის კომისიამ მარტივად და სათანადოდ უთხრა, რომ ინტერესთა კონფლიქტის განმარტების ის მოდელი რომელსაც გვთავაზობს „ქართული ოცნება“არ შეესაბამება სტანდარტს“.

სულხან სალაძის განმარტებით, ეს ის პრინციპული საკითხებია, რომელმაც პროცესის გაჯანსაღებას უნდა შეუწყოს ხელი და რომლის მიხედვითაც უზენაეს სასამართლოში ვაკანსიები შეივსოს.

„საუბარია იმაზე, რომ არსებობს ძალიან დაბალი ნდობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ, საუბარია იმაზე, რომ ერთ პოლიტიკური ძალის ხელშია პარლამენტი, ის რომ 2020 წელი არის საარჩევნო წელი, ეს ქმნის იმის გარკვეულ წინაპირობას, რომ შესაძლოა მოხდეს რაღაც ტიპის გარიგებები კონკრეტულ მხარეებს შორის და ამის საზღაური იყოს კონკრეტული პირების სასამართლოში მოხვედა“.

შესაბამისად, სულხან სალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობა უნდა გაიზარდოს იმ რაოდენობით, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მართლმსაჯულებისთვის. "სწორედ ეს რეკომენდაციები არის ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოება სთავაზობდა",- ამბობს სულხან სალაძე.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნა ვენეციის კომისიამ დასკვნა,რომელიც შეეხება კანონპროექტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG