Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოტრ-დამში ხანძარი შესაძლოა ელექტროგაყვანილობის სისტემაში შექმნილ პრობლემას გამოეწვია


პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მეხანძრეები გამოიძახეს სიგნალიზაციის ჩართვიდან 23 წუთის შემდეგ - ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა BuzzFeedсо იუწყება პარიზის პროკურატურაზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, სახანძრო უსაფრთხოების სისტემის სიგნალი პირველად ჩაირთო ადგილობრივი დროით 18 საათსა და 20 წუთზე, ტაძრის მსახურებმა ინსტრუქციის მიხედვით, ნოტრ-დამში მყოფთ თხოვეს მისი დატოვება და თავად სცადეს აალების წყაროს მოძებნა.

სახანძრო სამსახური სიგნალის მეორედ ჩართვის შემდეგ გამოიძახეს. ტაძრის ორგანისტის ინფორმაციით, პირველი 20 წუთის განმავლობაში კვამლის სუნი არ იგრძნობოდა, ამიტომ ჩათვალეს, რომ განგაში ცრუ იყო. როცა მეხანძრეები ნოტრ-დამში მივიდნენ, ცეცხლით უკვე მოცული იყო ტაძრის ზედა ნაწილი.

კრიმინალისტების შეფასებით, აალების კერა ტაძრის შპილის ძირში იყო. გამოცემა Le Parisien-ი წერს, რომ შესაძლოა, ხანძარი გამოეწვია ელექტროგაყვანილობის სისტემაში წარმოქმნილ პრობლემას.

პარიზის ერთ-ერთ სიმბოლოს, ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი 15 აპრილს, საღამოს გაუჩნდა. ჩამოინგრა ტაძრის შპილი, საათი და სახურავის ნაწილი. გადარჩენილია შენობის ძირითადი კონსტრუქცია და მთავარი ფასადის კოშკები. 400 მდე მეხანძრე ცეცხლს რვა საათზე მეტხანს აქრობდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იძიებს პარიზის პროკურატურა. მისი მთავარი ვერსიით, ცეცხლი განზარხ გაჩენილი არ არის. ვარაუდობენ, რომ ხანძარი შესაძლოა, უკავშირდებოდეს ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებს, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო.

16 აპრილს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოქალაქეებისადმი ტელემიმართვისას განაცხადა, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა ხუთ წელიწადში დასრულდება.

ნოტრ-დამის აღსადგენად საფრანგეთში მიმდინარეობს თანხების შეგროვება. ხანძრიდან ერთი დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით მილიარდი ევრო შეგროვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG