Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვიპროსის პრეზიდენტი საქართველოს მადლობას უხდის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის


ნიკოს ანასტასიადისი
ნიკოს ანასტასიადისი

კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტასიადისმა ისტორიული უწოდა საქართველოში მის პირველ ოფიციალურ ვიზიტს.

„დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენი უნაკლო სტუმართმოყვარეობისთვის ჩემი მეუღლის და მთელი დელეგაციის სახელით, რადგან თავს ვგრძნობთ როგორც საკუთარ სახლში“ - განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნიკოს ანასტასიადისის თქმით, კვიპროსს და საქართველოს აქვთ მრავალწლიანი ურთიერთობა და უნდა გაგძელდეს დაახლოება და სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავება.

კვიპროსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისმა ვიზიტმა შესაძლოა, სათავე დაუდოს ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებას და ამას ხელს შეუწყობს საქართველოს და კვიპროსის პირველი ბიზნეს-ფორუმიც, რომელიც ხვალ გაიმართება.

ნიკოს ანასტასიადისის განცხადებით, კვიპროსმა საქართველო აღიარა უსაფრთხო ქვეყნად და მის მხარდაჭერას უკვე ამ სტატუსითაც გააგრძელებს.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო და კვიპროსი მხარს უჭერენ ერთმანეთის ტერიტირიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

ნიკოს ანასტასიადისის თქმით, კვიპროსის წარმომადგენლები მონაწილეობენ ევროკავშირის სადმკვირვებლო მისიაში და ამით მის ქვეყანას მცირე წვლილი მაინც შეაქვს საქართველოში კონფლიქტების მოგვარების პროცესში.

ნიკოს ანასტასიადისმა დაადასტურა, რომ კვიპროსი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარს უჭერს ჟენევის ფორმატით მოლაპარაკებას.

კვიპროსის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყანა მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასაც და დადებითად აფასებს ასოცირების შეთანხმების შესრულებას.

ნიკოს ანასტასიადისის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს გააცნო კვიპროსის წინაშე არსებული ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და შესაძლებლობები, რომლებიც კვიპროსის თურქებს და კვიპროსელებს მისცემს ერთ სახელმწიფოში სწორად განვითარების პერსექტივას. „ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება და ჩვენ მოლოდონით ვართ აღსავსე“ - განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა.

ნიკოს ანასტასიადისმა კვიპროსელი ხალხის სახელით, საქართველოს მადლობა გადაუხადა კვიპროსის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის და გაეროს შესაბამისი რეზოლუციების მხარდაჭერისთვის.

ნიკოს ანასტასიადისმა სალომე ზურაბიშვილი კვიპროსზე ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG