Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პირველი რეაქციაა ხოლმე - „რა დროს ჩემი სწავლაა?“"


"პირველი რეაქციაა ხოლმე - „რა დროს ჩემი სწავლაა?“"
please wait

No media source currently available

0:00 0:23:23 0:00

"ჩვენ ვაძლევთ საშუალებას საერთო ინტერესების მატარებელ ადამიანებს ერთმანეთი იპოვნონ. შეიძლება, ვერ დავეხმაროთ მათ დასაქმებაში, მაგრამ ის ფაქტი, რომ იხალისებენ ყოველდღიურობას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია", - ეუბნება რადიო თავისუფლებას დავით ჯიქია, DVV International-ის საქართველოს ოფისის პროექტების კოორდინატორი. DVV International-ი 30 ქვეყანაში მუშაობს და ის ეფუძნება გერმანული სახალხო უნივერსიტეტების მოდელს - აყალიბებს ზრდასრულთა უწყვეტი განათლების ცენტრებს. საქართველოში 2002 წლიდან მუშაობს და 10 ასეთი ცენტრი აქვს გახსნილი: ახალციხესა და ახალქალაქში, დაბა ჯვარსა და სენაკში, ქედაში, ჩოხატაურში, ლელიანში, კოდასა და შაუმინაში, ამბროლაურში. სულ მალე, 24 აპრილს მე-11 ცენტრი ხარაგაულში გაიხსნება. პროექტები ფინანსდება გერმანიის მთავრობისა და გერმანული ფონდების მიერ. DVV International-ის საქართველოს ოფისის დირექტორი, ლალი სანთელაძე "დილის საუბრებში" ამბობს, რომ საქართველოში ზრდასრულთა განათლებაში უმეტესწილად პროფესიულ განათლებას მოიაზრებენ: "მაგრამ, გერმანული მოდელი გულისხმობს პროფესიულსაც, პოლიტიკურ და სამოქალაქო განათლებასაც, პიროვნულ განვითარებას: ენები, სამსახურის მოძიების ტექნიკები, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები, მცირე ბიზნესი, ბუღალტერია". ლალი სანთელაძე თვლის, რომ საქართველოსნაირ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა ჩამოყალიბების პროცესშია, ბაზრის მოთხოვნები მუდმივად იცვლება, შეუძლებელია ერთხელ მიღებული ცოდნით გაიტანო თავი და "ამიტომ აუცილებელია ისწავლო, მიიღო ახალი უნარჩვევები". DVV International-ის საქართველოს ოფისის პროექტების კოორდინატორი, დავით ჯიქია ყვება ზრდასრულთა განათლების ცენტრის გახსნამდე გზაზე და აღნიშნავს, რომ ცენტრის მდგრადობისთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მუნიციპალიტეტის ჩართულობას. კონკურსში მონაწილეობის უფლება ყველა ორგანიზაციას აქვს. საქმე იწყება კვლევით: "ვიკვლევთ ადგილობრივი მოსახლეობის საგანმანათლებლო საჭიროებებს, ადგილზე მყოფი ეკონომიკური მოთამაშის საჭიროებებსაც. მოსახლეობას საჭიროებებზე მორგებულ კურსებს ვთავაზობთ". დავით ჯიქია შენიშნავს, რომ საჭიროებებზე მორგებულ საგანმანათლებლო კურსებს რიგ შემთხვევაში აქვს კონკრეტული ეფექტი: "გარდა იმისა, რომ ადამიანს ვაძლევთ ცოდნას დასაქმებისთვის, ან თვითდასაქმებისთვის, ვეხმარებით სამუშაო ადგილის შენარჩუნებაშიც". პროექტების კოორდინატორი ზრდასრულთა განათლების ცენტრების ერთ მნიშვნელოვან შედეგსაც გამოყოფს: "ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენს ცენტრებში დადის იმისთვის, რომ სახლიდან გამოვიდეს, ძირითადად - დიასახლისები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩაკეტილ წრეში არიან. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას საერთო ინტერესის მატარებელ ადამიანებს ერთმანეთი იპოვნონ. შეიძლება ვერ დავეხმაროთ მათ დასაქმებაში, მაგრამ ის ფაქტი, რომ იხალისებენ ყოველდღიურობას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია". რაც შეეხება დასაქმების ხელშეწყობის მაჩვენებელს, ლალი სანთელაძის თქმით, მათი ცენტრების მსმენელთა 11-12% საქმდება სხვადასხვა კურსის გავლის შემდეგ და ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია რეგიონებში. "ადამიანების ბედნიერებისთვის და ცხოვრების ხარისხის ასამაღლებლად მხოლოდ სამსახური არ არის საკმარისი, განსაკუთრებით ჩვენთან, სადაც ტოტალური პრობლემაა დასაქმება, კიდევ რაღაც უნდა შესთავაზო. ამისთვის გვაქვს ისეთი მიმართულება, როგორიცაა განათლება კულტურის სფეროში. რეგიონებში ამ კუთხით თითქმის არაფერი ხდება. ადგილებზე ვპოულობთ მხატვრებს, ფოტოგრაფებს, მსახიობებს და ვუწყობთ ხელს ამ მიმართულებითაც მოახდინონ თვითრეალიზაცია". მოსახლეობასთან კომუნიკაციამ DVV International-ს დაანახა ერთი სპეციფიკური საჭიროებაც: "აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან საჭიროა ფინანსური განათლება. ვასწავლით: როგორ დაგეგმონ ოჯახური ბიუჯეტი, როგორ იურთიერთონ ბანკთან, რა არის ეს პროცენტები, რომელსაც მერე მთელი ცხოვრება ებრძვი".

XS
SM
MD
LG