Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია გამოცდებზე: უმრავლესობა არ იზიარებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას


ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობა სრულყოფილად არ იზიარებს საკვალიფიკაციო გამოცდების გაუქმების მოთხოვნას.

„ვენეციის კომისიამ, ისევე როგორც ეუთო/ოდირმა, გითხრათ, რომ (კანდიდატები) უნდა გათავისუფლდნენ საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარებისგან. მაგრამ თქვენ გვთავაზობთ ფორმულირებას, რომლის მიხედვითაც იუსტიციის საბჭო უფლებამოსილია კანდიდატი წარადგინოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების გარეშე...

ანუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო „უფლებამოსილია“... და არ გვთავაზობთ იმ ჩანაწერს, რომელიც არის მოთხოვნილი ვენეციის კომისიის მხრიდან“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, ოთარ კახიძემ.

ტექსტში სიტყვა „უფლებამოსილია“-ს ჩამატება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატისთვის, რომან გოცირიძისთვისაც იმის მანიშნებელია, რომ საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება-არჩატარების საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნებაზე იქნება მინდობილი.

„არავითარი გამოცდები არ უქმდება არამოსამართლე წევრებისთვის და იქნება თუ არა გამოცდები, ეს დამოკიდებული იქნება იუსტიციის საბჭოს კეთილ ნებაზე. მას შეუძლია, რომ ერთ შემთხვევაში ჩაატაროს, ხოლო მეორე შემთხვევაში არ ჩაატაროს, რადგან წერია, რომ იგი უფლებამოსილია გამოცდა გააუქმოს ან არ გააუქმოს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო ოპოზიცია მოუწოდებს უმრავლესობას, რომ თუკი მართლა იზიარებს ვენეციის კომისიის ამ კონკრეტული რეკომენდაციას, კანონპროექტში უფრო გასაგები, არაორაზროვანი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG