Accessibility links

site logo site logo

მოსამართლეთა შერჩევის წესის გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა


უზენაესი სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა გამართეს, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის წევრებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. აქციის მონაწილეები მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესს აპროტესტებდნენ.

„ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მის გარშემო შემოკრებილმა ადამიანებმა უღალატეს დაპირებას, რომ ქვეყანაში დამკვიდრდებოდა სამართლიანობა.

„ძალიან ცუდად ეთამაშებით სამართალს, ცუდად იწვევთ საზოგადოებას, რომელიც არასდროს ეგუებოდა უსამართლობას - არც დღეს ეგუება და არც მომავალში შეეგუება. მოგიწოდებთ, შეაჩეროთ ამ მავნებლური კანონპროექტის განხილვა. მივიღოთ კანონი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს მოსამართლეებად განწესდნენ ღირსეული კანდიდატები. საზოგადოება ითხოვს სამართალს და ეს მოთხოვნა არ შეწყდება მანამ, ვიდრე სამართალი არ იქნება", - აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

მისი თქმით, მისი ამჟამინდელი თანამოაზრეები ახლა სამართლის სადარაჯოზე დგანან.

"თავისუფალი დემოკრატების" წევრის ლევან სამუშიას განმარტებით,ისინი არ დაუშვებენ „სამართლის პროვატიზებას“

პარტიის წევრის,ნინო გოგუაძის თქმით კი, საზოგადოება უსამართლობას არ შეეგუება.

„საქართველო ჩვენი საერთო ქვეყანაა და საერთოდ, ქვეყანაა. უსამართლო სასამართლოს არ დაუშვებს ქართველი ხალხი. აუცილებლად ვაიძულებთ ამ ხელისუფლებას, რომ ან დაანებოს თავი სასამართლოს, ან თვითონ წავიდეს ხელისუფლებიდან", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა, საყვირებითა და ტრანსფარანტებით ხელში უზენაესი სასამართლოდან პარლამენტის შენობამდე გზა ფეხით გაიარეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG