Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოქალაქეები პორტუგალიაში შესაძლოა ლეგალურად დასაქმდნენ


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

პორტუგალია მზად არის საქართველოსთან ითანამშრომლოს დროებით ლეგალურად დასაქმების სფეროში. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. მისი ინფორმაციით, ცირკულარული მიგრაციის საკითხი 22 აპრილს, ლისაბონში განიხილეს პორტუგალიის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა, აუგუშტუ სანტუშ სილვამ და დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკვე განისაზღვრა შესაბამისი საკონტაქტო პირები და იგეგმება პორტუგალიაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი, რომლის დროსაც შეთანხმდება თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები.

„უახლოეს პერიოდში დაიწყება ორ ქვეყანას შორის ცირკულარული მიგრაციის შესახებ მოლაპარაკებები, რასაც სავარაუდოდ, შედეგად მოჰყვება პორტუგალიასთან შეთანხმების გაფორმება. ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი იმისთვის, რომ მოხდეს პორტუგალიაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების ლეგალურად დასაქმება,” - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, საქართველოსთვის პრიორიტეტულია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის განვითარება და უმნიშვნელოვანესია, რომ საფრანგეთთან ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ, პორტუგალია იქნება ევროკავშირის კიდევ ერთი ქვეყანა, რომელთანაც საქართველო შეთანხმებას გააფორმებს.

„ეს კარგი შესაძლებლობა იქნება ქართველი სპეციალისტებისთვის დასაქმდნენ და კვალიფიკაცია აიმაღლონ. შეთანხმება ხელს შეუწყობს მიგრაციული პროცესების დარეგულირებასაც“ - თქვა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, უკვე ძალაში შევიდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება „კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა უახლოეს მომავალში დაიწყოს შეთანხმების აღსრულება.

დავით ზალკალიანის ცნობით, შრომითი მიგრაციის საპილოტე პროექტი მიმდინარეობს პოლონეთთან და დროებითი შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის მიზნით მოლაპარაკებებია ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან და ისრაელთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG