Accessibility links

site logo site logo

იუსტიციის საბჭოს წევრები მათი გაწვევის ინიციატივას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ


იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ლევან გზირიშვილი, ზაზა ხარებავა და შოთა ქადაგიძე უსაფუძვლოს და უპერსპექტივოს უწოდებენ „ევროპული საქართველოს“ მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ინიციატივას, რომელიც ეხება საბჭოდან მათ გაწვევას.

„როგორც გაირკვა, ამ ინციატივის წარდგენის ძირითადი მიზეზია ჩვენ მიერ 2018 წლის 24 დეკემბერს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის მხარდაჭერა პარლამენტის წინაშე ნომინირებისათვის, ხოლო სამართლებრივი საფუძველია საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 48-ე მუხლის ნორმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას სამსახურებრივი მოვალეობის სისტემატურად არაჯეროვანი შესრულებისათვის. ჩვენი გადაწყვეტილება განპირობებული იყო ჩვენი შინაგანი რწმენით, რაც დაეფუძნა მხარდაჭერილ კანდიდატთა კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციას. ამასთან, ჩვენი ოპონენტები ვერ უთითებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ვერც ერთ ნორმას, რომლის დარღვევის გამოც ნომინირების პროცესი უკანონოდ შეიძლებოდა მიჩნეულიყო” - ნათქვამია იუსტიციის საბჭოს სამი წევრის ერთობლივ განცხადებაში.

მათივე შეფასებით, სამართლებრივი საფუძველი, რასაც ინიციატივა ეფუძნება, ბუნდოვანია და არ არსებობს მისი გამოყენების ჩამოყალიბებული პრაქტიკა.

გზირიშვილი, ხარებავა და ქადაგიძე მიუთითებენ, რომ ვენეციის კომისიის 2014 წლის 14 ოქტომბრის დასკვნით საბჭოს წევრის მიერ ჩადენილი შესაძლო კანონდარღვევა უნდა შეისწავლოს დამოუკიდებელმა ორგანომ, ან სასამართლომ და არა პოლიტიკურმა დაწესებულებამ, მაგალითად, პარლამენტმა.

„ზოგადად, ამგვარი ინიციატივები საფრთხის შემცველია შემდეგი თვალსაზრისითაც: თუ დავუშვებთ, რომ პარლამენტი უფლებამოსილია გარკვეული პოლიტიკური მიზნებისათვის გადააყენოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მის მიერ არჩეული წევრი, გამოვა, რომ პოლიტიკური ჩარევისაგან დაცული არ იქნება პარლამენტის მიერ განწესებული არც ერთი სხვა თანამდებობის პირიც (სახალხო დამცველი, გენერალური აუდიტორი, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრი და სხვა), რაც ძირს გამოუთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობას. ამდენად, „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა აბსოლუტურად უსაფუძვლო და უპერსპექტივოა. რეალურად, მას საერთო არაფერი აქვს სამართლებრივ პროცედურასთან და მიზნად ისახავს სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევას, ჩვენზე უკანონო ზეგავლენის მოხდენას და პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას. ამ ინიციატივას უკვე მოჰყვა რიგი პოლიტიკოსებისგან ჩვენი მიმართ სრულიად არაეთიკური შეფასებები („მდუმარე წევრები“, „მუქთახორები“, „კლანის მონები“ და სხვა), რაც დაუშვებელია” - ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი წევრის განცხადებაში. ისინი მოუწოდებენ ყველა სუბიექტს, შეწყვიტონ მსგავსი ქმედებები, რადგან ამით უგულებელყოფენ ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტურ პრინციპს და აზიანებენ დემოკრატიულ გარემოს საქართველოში.

„ევროპულმა საქართველომ“ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, შალვა შავგულიძის ინიციატივით, პარლამენტში 22 აპრილს დაარეგისტრირა დადგენილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო.

„ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ საბჭოს ეს წევრები კულუარულ გარიგებაში არიან საბჭოს მოსამართლე წევრებთან და ერთად წარმოადგენენ სასამართლოს მმართველ კლანს.

გზირიშვილის, ხარებავასა და ქადაგიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ინიციატორები აღნიშნავენ, რომ ამ წევრებს გასული წლის დეკემბერში, საბჭოს მიერ დასახელებული, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატის მექანიკური, უპირობო მხარდაჭერის ნაცვლად უნდა ეკითხათ, თუ ვინ, როგორ და რა პრინციპით შეარჩია ეს სია, უნდა დაეყენებინათ კანდიდატებთან გასაუბრების საკითხი და როგორც მინიმუმ, კითხვა მაინც უნდა დაესვათ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, როცა საბჭოს მდივანი და წევრი მოსამართლეობის კანდიდატებადაც იყვნენ წარდგენილნი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG