Accessibility links

site logo site logo

კახა კალაძე: ჰესების საწინააღმდეგო კამპანია ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია.


თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის მტერია ყველა, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგეტიკულ განვითარებას.

ჟურნალისტებთან საუბრისას კალაძემ შენიშნა, რომ დღეს შეფერხებულია მისი ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში დაწყებული არაერთი პროექტი:

„ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. თუ გვინდა ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს, მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნას ათვისებული წყლის რესურსი და შესაძლებლობები, რომელიც ქვეყანას გააჩნია. 5 წლის განმავლობაში ვიყავი ენერგეტიკის მინისტრი და ამდენი პროექტი - ჰიდროელექრტოსადგური, ქარის ელექტროსადგური, თბოელექტროსადგური, ქვესადგურების პროექტი, რომლებიც ევროპული სტანდარტებით გავაკეთეთ, არასდროს საქართველოში არ გაკეთებულა. გული მწყდება, რომ დღეს ამ მიმართულებით პროექტების განხორციელება შეფერხებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პანკისში განვითარებულ მოვლენებს კახა კალაძე „მიუღებელს“ უწოდებს და აცხადებს, რომ „არავის ეპატიება პოლიციის წინააღმდეგ ასეთი აგრესიული ქმედებები“.

„სამწუხაროა, რატომ ამ მდგომარეობამდე მივედით. ჩემი მინისტრობის დროს ბევრი პროექტი განვახორციელეთ. პანკისის ხეობაში იყო გაზიფიცირების სამუშაოები, ელექტროფიცირება, ასევე, მრიცხველების დამონტაჟება. იყო სოფლები, რომლებსაც ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. როცა ჩავდიოდით და ამ პროექტებს ვახორციელებდით, ყოველთვის ძმობისა და მეგობრობის მეტი არაფერი ხდებოდა, სუფრის გაშლით დაწყებული, ძმაკაცობით დამთავრებული. განწყობა და დამოკიდებულება. რაც ვნახეთ კატეგორიულად მიუღებელია და ყველაფერს ცდება. არავის ეპატიება პოლიციის წინააღმდეგ ასეთი აგრესიული ქმედებები“, - უთხრა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული წყლის დიდი რესურსი ქვეყანამ რაციონალურად უნდა გამოიყენოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG