Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია ია კერზაიას საქმეზე მოკვლევის ჯგუფის შექმნას მოითხოვს


თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის იდეა პარტია „ევროპულ საქართველო“ ეკუთვნის. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე დეპუტატებმა განათლების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ თემატური მოკვლევის ჯგუფის საკითხს მას შემდეგ დაუბრუნდებიან, რაც ია კერზაიას შვილს, ბაჩანა შენგელიას, დახურულ ფორმატში შეხვდებიან.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაში გამოძიების პროცესში პროკურატურის წარმომადგენლის პარლამენტში მისვლას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

„მოვითხოვეთ, რომ ამ სხდომაზე მოსულიყო პროკურატურის წარმომადგენელი და ჩვენთვის ჩაებარებინა ანგარიში, როგორ მიდის გამოძიება ია კერზაიას საქმეზე, თუმცა მივიღეთ წერილი მარიამ ჯაშისგან, რომ მას არ მიაჩნია მიზანშეწონილად პროკურორის მოსვლა, რადგან გამოძიება გრძელდება... ბაჩანა შენგელიას კიდევ ერთხელ მოვსმენთ, უკვე შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას პარლამენტმა შექმნას მოკვლევის კომიტეტი და თვითონ შეისწავლოს კომიტეტმა ია კერზაიას საქმე. ხოლო თუ უმრავლესობის წევრები გადაწყვეტენ, რომ არ ღირს ამ საქმის შესწავლა, ეს მათ სინდისზე იქნება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ოპოზიციის პასუხად უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ია კერზაიას საქმის გამოძიება მიმდინარეობს: „მოწმეთა გარკვეული ნაწილი დაკითხულია, ნაწილი არ არის დაკითხული, დრო გადის და წინააღმდეგობაც ამაშია. ვფიქრობთ, პროკურატურამ მაქსიმალურად აქტიურად გამოიჩინოს მარიფათი“, - ამ განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი ვაჟი ბაჩანა შენგელია გარდაცვალების მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო. შენგელიას განცხადებით, განათლების სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ემუშავა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ.

საქართველოს პროკურატურა 2019 წლის თებერვლიდან იძიებს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში 2018 წლის ნოემბერში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო, კანონდარღვევის ფაქტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG