Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო სექტორი ეხმიანება ცილისწამების კრიმინალიზაციაზე განცხადებებს


არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ პოლიტიკოსების მხრიდან ცილისწამების კრიმინალიზების შესახებ განცხადებები სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მხრივ საფრთხეებს შეიცავს. ამის შესახებ განცხადებები გაკეთდა 24 აპრილს, თბილისში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც სიტყვის თავისუფლებას ეძღვნებოდა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელმძღვანელმა გიორგი კლდიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ცილისწამება უკვე დეკრიმინალიზებულია და ის არის მნიშვნელოვანი მონაპოვარი ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის, რადგან ცილისწამებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის რთულია გავავლოთ ოქროს შუალედი:

"ეს საფრთხილო საკითხია. ჩვენ გვაქვს კანონმდებლობაში ცილისწამების გარკვეული სამართლებრივი დავის საფუძველი. ეს არის გამოხატვის თავისუფლების კანონის შემადგენელი ნაწილი, ამიტომ ამის გამკაცრება არ იქნება სწორი გადაწყვეტილება და ის ზიანს მიაყენებს ჩვენს დემოკრატიული განვითარებას".

კლდიაშვილის თქმით ცილისწამების თაობაზე საუბარი პირველად 2015 წელს დაიწყო, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ამ საკითხზე საუბრობენ პოლიტიკოსები. ამ თემას შეეხო საქართველოს პრეზიდენტი და პატრიარქიც.

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის საფრთხილო საკითხი და IDFI დაიცავს გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს", - ამბობს გიორგი კლდიაშვილი.

ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი მელაშვილიც ფიქრობს, რომ ცილისწამების შესახებ გაკეთებული განცხადებები საფრთხის შემცველია.

"კანონმდებლობა უკვე ზღუდავს ცილისწამებას. არსებობს ძალიან ქმედითუნარიანი მექანიზმები, რომლებიც არაერთხელ იქნა გამოყენებული. რამდენიმე გამონათქვამი მოვისმინეთ მთავრობისა და სხვა ინსტიტუტების მხრიდან. ეს იყო პირდაპირი საუბრები სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ მიგვაჩნია არასწორი", - თქვა გიორგი მელაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG