Accessibility links

site logo site logo

უკრაინა რუსეთის მცოცავი ანექსიის შეჩერებას ითხოვს


უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი ელჩენკო გამოდის უშიშროების საბჭოს სხდომაზე

უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, ჩაერიოს კონფლიქტში, რომელიც გამოიწვია პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებამ უკრაინის აღმოსავლეთში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთ გამარტივებული წესით მისცეს რუსეთის მოქალაქეობა.

უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა ვლადიმირ ელჩენკომ გაეროს მოუწოდა რეალური მოქმედებებისკენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი ვეტოს უფლებას გამოიყენებს.

უკრაინელმა დიპლომატმა გაერო გააფრთხილა რუსეთის მხრიდან მცოცავი ანექსიის საფრთხეზე და განაცხადა, რომ უნდა აღიკვეთოს მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარება.

თავის მხრივ, რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება განაპირობა უკრაინის ამ რეგიონებში ცხოვრების გაუსაძლისმა პირობებმა.

ნებენზიას მტკიცებით, სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ათასობით ადამიანი პუტინის განკარგულებამდეც ითხოვდა რუსეთის მოქალაქეობას. ნებენზიას ინფორმაცით, 2014 წლიდან, ანუ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, რუსეთს მოქალაქეობის მისაღებად მიმართა უკრაინის 330 ათასზე მეტმა მოქალაქემ.

უკრაინის მოთხოვნით 25 აპრილს გამართული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.

სხდომის შემდეგ გერმანიის და საფრანგეთის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და პრეზიდენტ პუტინის განკარგულება დაგმეს. მათი შეფასებით, რუსეთის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მინსკის სამშვიდობო შეთანხმების და კონფლიქტით დაზარალებულთათვის მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნებს.

24 აპრილს გამოქვეყნდა პრეზიდენტ პუტინის განკარგულება, რომლის თანახმად, რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების მცხოვრებნი. მოსკოვი ამ გადაწყვეტილებას ჰუმანიტარულს უწოდებს და მიზნად ასახელებს ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვას.

უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთოსური და დნესტრისპირეთის სცენარებით პასპორტების უკანონოდ გაცემა არის რუსეთის მცდელობა გაამართლოს და ლეგიტიმაცია გაუკეთოს ოკუპირებულ დონბასში სამხედრო ძალით ყოფნას.

პოროშენკომ რუსეთი დაადანაშაულა დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევაში, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშად ხელყოფასა და მინსკის შეთანხმების დარღვევაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG