Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: შესაძლოა, მთელ უკრაინაზე გავრცელდეს რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია განიხილავს გეგმას, რომელიც ითვალისწინებს არამარტო დონბასში მცხოვრები, არამედ, მთლიანად, უკრაინის მოქალაქეებისათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას.

ეს განცხადება პუტინმა გააკეთა 27 აპრილს პეკინში, ინფრასტრუქტურის განვითარებისადმი მიძღვნილ სამიტზე.

მანამდე სამი დღით ადრე გამოქვეყნდა პუტინის განკარგულება, რომლის თანახმად, რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების მცხოვრებნი. მოსკოვი ამ გადაწყვეტილებას ჰუმანიტარულს უწოდებს და მიზნად ასახელებს ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვას.

მოსკოვის ნაბიჯს მკაცრად აკრიტიკებენ უკრაინა, აშშ, ევროკავშირი, ეუთო.

უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთოსური და დნესტრისპირეთის სცენარებით პასპორტების უკანონოდ გაცემა არის რუსეთის მცდელობა გაამართლოს და ლეგიტიმაცია გაუკეთოს ოკუპირებულ დონბასში სამხედრო ძალით ყოფნას.

პოროშენკომ რუსეთი დაადანაშაულა დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევაში, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშად ხელყოფასა და მინსკის შეთანხმების დარღვევაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG