Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩუგოშვილი: PACE-ს პრეზიდენტი არ არის ჩამოსული ადგილობრივი პოლიტიკური ვითარების საკვლევად


თამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) პრეზიდენტის, ლილიან მორი პასკიეს ოფიციალური ვიზიტი თავიდანვე არ ითვალისწინებდა ოპოზიციის წარმომადგენლებთან ცალკე შეხვედრებს.

პასკიეს ვიზიტის წინ, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობდნენ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის სასამართლოში შექმნილ ვითარებაზე, რომლის განხილვასაც აპირებდნენ, თუმცა, ოფიციალური დღის წესრიგი ცალკე შეხვედრას არ ითვალისწინებს

„ჩვენ როდესაც ვგეგმავდით ამ ვიზიტს, სტუმარმა გამოთქვა სურვილი მხოლოდ უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებთან შეხვედრისა. არ გამოუხატავს სურვილი არც ცალკე ოპოზიციურ პარტიებთან, ან არსამთავრობოებთან, ან სხვებთან შეხვედრის, იმიტომ, რომ ვიზიტი არის ცერემონიული ხასიათის, ეძღვნება საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავს და შესაბამისად, პრეზიდენტი ხვდება მხოლოდ უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებს, სიტყვით გამოდის სესიაზე და ამით ასრულებს ვიზიტს” - უთხრა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ლილიან მორი პასკიე საქართველოში არ ჩამოსულა ადგილობრივი პოლიტიკური ვითარების საკვლევად და საძიებლად. „შესაბამისად, მას არ ჰქონია დაინტერესება. ეს ჩვენზე არ იყო დამოკიდებული. ვიზიტის დროს სტუმარი თავად წყვეტს, ვისთან უნდა საუბარი“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი ინფორმაციით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრები დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი, თუმცა შეხვედრაზე არ მისულან.

„ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურში სააგენტო "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ პარტიის წევრები, რომლებიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაშიც არიან, ქალაქგარეთ შეხვედრებზე იმყოფებოდნენ. პარტიის ინფორმაციით, „ევროპული საქართველოს“ წევრები დღეს საღამოს დაესწრებიან ოფიციალურ ვახშამს, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტის პატივსაცემად გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG