Accessibility links

site logo site logo

ხუთ წელიწადში პირველად, "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ვიდეოში გამოჩნდა


ბოლო ხუთი წელიწადის განმავლობაში პირველად, ექსტრემისტული ჯგუფის, "ისლამური სახელწიფოს" ლიდერი ვიდეოჩანაწერში გამოჩნდა.

ვიდეო 29 აპრილს გაავრცელა "ისლამური სახელმწიფოს" მედიასაშუალება ალ-ფურყანმა. მასზე ჩანს აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, რომელიც ზის იატაკზე, ერყდნობა კედელს, აცვია შავი სამოსელი, ჟილეტი, კედელზე ავტომატია მიყუდებული.

ვიდეოში მის ლაპარაკს სამი ნიღბიანი მამაკაცი უსმენს.

ბაღდადი საუბრობს ნელი ტემპით და პაუზებით, ამბობს, რომ "ისლამური სახელმწიფო" სამაგიეროს გადაიხდის მისი მებრძოლების სიკვდილის და დაპატიმრებისთვის. ამბობს, რომ დასავლეთის წინააღმდეგ მისი ჯგუფის ოპერაციები "ხანგრძლივ ბრძოლას" წარმოადგენს.

29 აპრილს გავრცელებული, 18 წუთის ხანგრძლივობის ვიდეოს ავთენტურობა და გადაღების თარიღი დაზუსტებული არ არის. ექსტრემისტი ლიდერის დაკავებას ერაყის და აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალები ცდილობენ.

ალ-ბაღდადი ლაპარაკობს შრი-ლანკაზე ახლახან მომხდარ თავდასხმებზეც, რომლებსაც 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და ამბობს, რომ ეს შურისძიების ნაწილი იყო.

ბოლო წლებში რამდენჯერმე გავრცელდა ცნობები ალ-ბაღდადის სიკვდილის თუ დაჭრის შესახებ.

ამ დრომდე 47 წლის ალ-ბაღდადი უკანასკნელად გამოჩნდა 2014 წელს, ალ-ნურის მეჩეთში ქადაგებისას ერაყის ქალაქ მოსულში, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" ძალებმა დაიკავეს ერაყის და სირიის დიდძალი ტერიტორიების დაპყრობის პერიოდში. სწორედ იმ გამოსვლაში განაცხადა მან "ისლამური სახალიფოს" შექმნის თაობაზე.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG