Accessibility links

site logo site logo

კოსოვოს ლიდერი აცხადებს, რომ ევროკავშირი „ძალიან სუსტია“


შეხვედრა ბერლინში

კოსოვოს პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი აცხადებს, რომ ევროკავშირი „ძალიან სუსტია“ იმისათვის, რომ გადაჭრას სერბეთსა და კოსოვოს შორის არსებული პრობლემა, და საჭიროდ მიიჩნევს აშშ-ის ჩართვას ბელგრადსა და პრიშიტინას შორის დიალოგში.

ამის შესახებ ჰაშიმ ტაჩიმ განაცხადა ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრაზე და დასძინა, რომ „ყოველგვარი მოლაპარაკება და შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია აშშ-ის მონაწილეობის გარეშე“ .

ტაჩი გერმანიის დედაქალაქში იმყოფება სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან შესახვედრად, რომელშიც ფედერიკა მოგერინი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც მონაწილეობენ.

გერმანიის შეხვედრა მიზნად ისახავს ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე იმ დიალოგის განახლებას დაპირისპირებულ მხარეთა შორის, რომელიც შარშან შეწყდა მიწების გაცვლის საკითხში უთანხმოებისა და კოსოვოს მიერ სერბულ პროდუქტზე 100%-იანი ტარიფის დაწესების გამო.

აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის სახელმწიფოთა მთავრობების მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა რამუშ ჰარადინაიმ განაცხადა, რომ ტარიფი არ გადაიხედება, ვიდრე ბელგრადი არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას და არ შეწყვეტს ხელის შეშლას საერთაშორისო ორგანიზაციებში მისი გაწევრიანების მიმართულებით.

ანგელამ მერკელმა განაცხადა, რომ ბერლინის დიალოგი წარმოადგენს „ერთ ნაბიჯს ძალიან გრძელ გზაზე“. მაკრონიც ნაკლებად არის ოპტიმისტურად განწყობილი, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია „დებატების მშვიდად წარმართვა და წინსვლა იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ახალი დაძაბულობა რეგიონში.“

თავის მხრივ ბელგრადი აცხადებს, რომ კოსოვოსთან შეუძლებელია სერიოზული მოლაპარაკება, თუ პრიშტინა არ გააუქმებს ტარიფს სერბულ საქონელზე.

სერბეთის ყოფილმა პროვინცია კოსოვომ ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა 2008 წელს, რასაც სერბეთი არც ცნობს. ამასთან ორივე ქვეყანა ესწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც მათგან მოითხოვს ურთიერთობის მოწესრიგებას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG