Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოისწრაფიშვილი: ზურაბიშვილის „ტვიტერზე“ ტრამპის პოსტის გაზიარება შესაძლოა კიბერთავდასხმაა


ხატია მოისწრაფიშვილი
ხატია მოისწრაფიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტის გაზიარების საკითხზე კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს. საუბარია პოსტზე, რომელშიც აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს.

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, განიხილება ორი ვერსია: სოციალური ქსელების მართვის მენეჯერის შეცდომა ან კიბერთავდასხმა.

უკვე არაერთხელ განვაცხადე, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გადაცდომას. შეცდომას, რომელიც დაუშვა სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა, თუმცა ეს იყო პირველადი შეფასება. ამ დროისთვის სხვადასხვა ფაქტის გაანალიზებით, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ასევე კიბერთავდასხმის გამორიცხვაც. ვფიქრობთ, საჭიროა საკითხის მოკვლევა. სხვათა შორის, შეიძლება ეს არც არის პირველი ფაქტი. რამდენიმე დღის წინ კიბერშეტევა განხორციელდა ერთ-ერთი თანამშრომლის ერთ-ერთ სოციალურ ანგარიშზე და იმ ფაქტთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს მოკვლევა“, – აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა 30 აპრილს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერის ოფიციალურ ანგარიშზე 29 პრილს გააზიარა დონალდ ტრამპის ტვიტი, სადაც იგი პრეზიდენტობის კანდიდატს ჯო ბაიდენს "მძინარას" უწოდებს.

"მძინარა ჯო ბაიდენი თავის პირველ შეხვედრას დიდებულ შტატში - პენსილვანიაში მართავს. რა თქმა უნდა, მან არ იცის იმის შესახებ, რომ პენსილვანიას ახლა ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური წელი აქვს თავის ისტორიაში, უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით, ფოლადის მრეწველობის (რომელიც მკვდარი იყო) აყვავებით და დიდი მომავლით!" - წერს ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის შეხვედრაზე პენსილვანიელ მოსახლეობასთან.

ჯო ბაიდენმა რომელიც ორჯერ იყო ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი და 30 წელია რაც დელავერის შტატის სენატორია, 25 აპრილს განაცხადა, რომ 2020 წელს ის მონაწილეობას მიიღებს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში. მან პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში თავისი პირველი გამოსვლისთვის სწორედ პენსილვანიის შტატი შეარჩია.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილმა 29 აპრილს განმარტა, რომ ეს არ იყო პირადად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეცდომა, ტვიტი შემთხვევით გააზიარა ადმინისტრაციის თანამშრომელმა, რომელიც პრეზიდენტის ანგარიშს მართავს.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ანგარიშზე 29 აპრილს დონალდ ტრამპის ტვიტი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო გამოქვეყნებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ტვიტერში" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გვერდზე კიბერთავდასხმის შესაძლო ფაქტის შესწავლა დაიწყო. გამოძიება დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG