Accessibility links

site logo site logo

ზურაბიშვილი: ვარ იმ ქვეყნის მთავარსარდალი, რომელიც ყველა  გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდება!


სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალებს 28 წლის იუბილე მიულოცა და ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე შეკრებილ სამხედროებს სიტყვით მიმართა:

,, მე ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ ბავშვობაში პირადად ვიცნობდი გენერალ კვინიტაძეს; დღეს ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ თქვენ წინაშე ვდგავარ იმ დღეს, როცა ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალებს 28 წელი შეუსრულდა. თავდაცვის ძალები, მისი შექმნის დღიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის საყრდენია.
ჩვენი ჯარისკაცები საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთავარი დამცველები არიან. თქვენ, ქვეყნის ხერხემალი ხართ!“
, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამხედროებს.

მთელი ამ წლების განმავლობაში ქართველი ჯარისკაცის თავდადებისა და პროფესიონალიზმის უამრავმა მაგალითმა დაამტკიცა, რომ ჩვენთვის ღირსება უმთავრესია. ეს ისტორიულად ასე იყო, ასე არის და მას ვერაფერი დაემუქრება! ქართველებმა ვიცით თავისუფლებისა და მშვიდობის ფასი, - რომ ქვეყანაში სტაბილურობისთვის, დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის, ჩვენს საზღვრებში მშვიდობის უზრუნველყოფასთან ერთად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოება და გლობალური მშვიდობა. უკვე წლებია, საქართველო ამ გამოწვევას ღირსეულად პასუხობს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მან თავის მისასალმებელ სიტყვაში მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ისაუბრა საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედროების ს პროფესიონალიზმზე და გაიხსენა ჯარისკაცები, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და მსოფლიოში მშვიდობისთვის გაწირეს თავი.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამიმდევრული ნაბიჯები კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს სახელმწიფოს მშვიდობიან პოლიტიკას კონფლიქტებთან მიმართებით. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმით, სახელმწიფოებრივი ცნობიერებითა და თავდაცვის სფეროში წარმატებული რეფორმებით საქართველო გახდება ევროატლანტიკური სივრცის სრულუფლებიანი წევრი. ვიცი და მჯერა, რომ ვარ იმ ქვეყნის თავდაცვის ძალების მთავარსარდალი, რომელიც ყველა შესაძლო გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდება! ეს თქვენი დამსახურებაა და მე თქვენი იმედი მაქვს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს თავდაცვის ძალების 28 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაში, პრეზიდენტთან ერთად, მონაწილეობდნენ: პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაური და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ოჯახის წევრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG