Accessibility links

site logo site logo

კახა კალაძე: სალომე ზურაბიშვილი და „ქართული ოცნება“ ერთმანეთთან არ უნდა გაიგივდეს


„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისა და თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და „ქართული ოცნება“ საზოგადოებამ ერთმანეთთან არ უნდა გააიგივოს. ეს განცხადება კახა კალაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა მას დაუსვეს კითხვა სალომე ზურაბიშვილის მოსაზრების შესახებ, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდირებული არ არის.

„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ არის პარტიის წევრი და მას არანაირი კავშირი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“. ის არის დამოუკიდებელი კანდიდატი, ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ მხარი დაგვეჭირა დამოუკიდებელი კანდიდატისთვის. ჩვენ ვაკვირდებოდით მოვლენებს, თუ ვინ იქნებოდა ასეთი კანდიდატი, რადგან სალომე ზურაბიშვილი იყო ერთადერთი, ღირსეული კანდიდატი, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეჭირა მხარი. შესაბამისად, ჩემი თხოვნა იქნება, პარტიასთან ნუ გავაიგივებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს“.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს არჩევანი ევროპა და ნატოში ინტეგრაციაა:

„მე, უბრალოდ ჩემს მოსაზრებას გეტყვით და ერთი ცხადია, რომ გზა და არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა, ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია, ეს არის იმ დიდი ოჯახის წევრობა, რომელსაც ჰქვია ევროპა, ნატო-სთან თანამშრომლობა. თქვენ იცით, რომ ამერიკა ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და რაც მთავარია, მეგობარი ქვეყანა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობიდან ყოველთვის გვერდში გვედგა, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ზოგადად, ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოლაპარაკებების შედეგად, მოლაპარაკების შედეგის პროდუქტი იქნება ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ მივიღებთ. ამ ეტაპზე, ამ კონკრეტულ თემაზე, რაზეც მკითხეთ, საუბარი და განხილვა არ ყოფილა“.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდებულად არ მიაჩნია. მისი თქმით, არაა საჭირო ქვეყანამ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG