Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: არის მცდელობები, შეზღუდონ პოლიციის სამოქმედო არეალი


პოლიციის კანონიერი ქმედება ვერ შეიზღუდება ვერასდროს და ვერსად, - განაცხადა შს მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, გიორგი გახარიამ 2 მაისს, პარლამენტის სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში გამოსვლისას.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში არის მცდელობები, რომ პოლიციას სამოქმედო არეალი შეუზღუდონ.

„არის გარკვეული მცდელობები, შეზღუდონ პოლიციის ქმედებების არეალი, თემები, გეოგრაფიული განზომილებები, კლუბები და სხვადასხვა სახის მცნებები.

ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ვერავინ ვერასოდეს პოლიციის კანონიერ ქმედებას ვერ შეზღუდავს საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ვერცერთ ტერიტორიაზე. შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიციის კანონიერი ქმედება ვერ შეიზღუდება ვერასდროს და ვერსად", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრი მოუწოდებს ყველას, სიფრთხილე გამოიჩინონ ქვეყნისთვის სენსიტიურ თემებთან დაკავშირებით.

„მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება და თითოეულ თქვენგანს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ თემებზე, როგორიც არის: საოკუპაციო ზოლი, თუნდაც - საზღვარი, უფრო პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს ქმედებებს.

რამეთუ ქვეყნის უსაფრთხოება არ არის მხოლოდ და მხოლოდ რომელიმე ერთი სოციალური ჯგუფის, ადამიანთა ჯგუფის ინტერესი. ქვეყნის უსაფრთხოება დგას ყველანაირ პოლიტიკურ ინტერესზე უფრო მაღლა. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ მაღალ მატერიებზე, რა თქმა უნდა, ობიექტური რეალობაც უნდა გავითვალისწინოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG