Accessibility links

site logo site logo

თეირანი: ირანი გააგრძელებს ურანის გამდიდრებას აშშ-ის წინააღმდეგობის მიუხედავად


4 მარტს ირანის პარლამენტის სპიკერმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ირანი გააგრძელებს ურანის გამდიდრებას მისი ბირთვული პროგრამის თაობაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ აშშ ამას ეწინააღმდეგება.

„ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიხედვით, ირანს უფლება აქვს აწარმოოს მძიმე წყალი და ეს არ არღვევს შეთანხმებას. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ გამდიდრებას“, მოჰყავს ლარიჯანის სიტყვები ნახევრად ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო ისნას.

3 მაისს ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გააგრძელა სანქციების ხუთი გამონაკლისი, რაც რუსეთს, ჩინეთსა და ევროპის ქვეყნებს საშუალებას მისცემს ითანამშრომლონ ირანის ბირთვულ პროგრამასთან. ამავე დროს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ წყვეტს ორი გამონაკლისის მოქმედებას, რომლებიც დაკავშირებულია ირანის გამდიდრებული ურანის ექსპორტთან, რასაც მან „ირანის რეჟიმის მიმართ ყველაზე მკაცრი სანქციები“ უწოდა.

ყველა გამონაკლისს 4 მაისს გასდიოდა ვადა. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-მა გააძლიერა ირანის მთავრობაზე ზეწოლა, რათა ბოლო მოუღოს რეგიონში თეირანის „ბოროტ“ საქმიანობას. ვაშინგტონმა უკვე შემოიღო სანქციები ირანის ნავთობის მრეწველობის წინააღმდეგ იმ მიზნით, რომ ნულზე დაიყვანოს ნავთობის ექსპორტი.

სანქციებიდან ხუთ გამონაკლისს სავარაუდოდ მიესალმებიან ქვეყნები, რომლებიც ჯერ კიდევ თანამშრომლობენ ირანთან, და ისინი, რომლებიც წინ აღუდგნენ ვაშინგტონის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, გასულიყო 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან, რომლის ძალითაც, თეირანს სანქციების რეჟიმი შეუმსუბუქდა მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG