Accessibility links

site logo site logo

რუსეთი შეიძლება გავიდეს ევროპის საბჭოდან და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციიდან


რუსეთი შეიძლება გავიდეს ევროპის საბჭოდან და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციიდან. ამის შესახებ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა ევროპის საბჭოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ივან სოლტანოვსკიმ.

სოლტანოვსკის თქმით, რუსეთის პარლამენტარებს საშუალება უნდა მიეცეთ, სხვებივით მიიღონ მონაწილეობა ორგანიზაციის გენერალური მდივნის არჩევნებში, რომელიც ივნისში გაიმართება. თუკი ამ საკითხში არ იქნება მიღწეული კომპრომისი, რუსეთი განიხილავს მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტს, მათ შორის - ევროპის საბჭოდან და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენციიდან გასვლას.

ყირიმის ანექსიის შემდეგ, ევროპული სანქციების შემოღების ფონზე, რუსეთმა შეწყვიტა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომებში მონაწილეობა და შეწყვიტა ორგანიზაციის ბიუჯეტში გადასახადების გადახდა.

საპარლამენტო ასამბლეის აპრილის სესიაზე დეპუტატებმა ხმების უმრავლესობით მიიღეს რეზოლუცია, რომლშიც რუსეთს მოუწოდეს, გადაიხადოს საწევრო გადასახადი და შექმნას დელეგაცია სხდომებში მონაწილეობისთვის. ასამბლეის წესდების მიხედვით, ორი წლის განმავლობაში საწევროს გადაუხდელობისთვის ქვეყანა შეიძლება გაირიცხოს ევროპის საბჭოდან. რუსეთისთვის ეს ვადა 2019 წლის ივნისის ბოლოს იწურება.

მოსკოვში ამაზე პასუხად განაცხადეს, რომ რუსეთი პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას განაგრძობს მხოლოდ ასამბლეის სრულუფლებიანი წევრობის პირობებში.

5 მაისს ევროპის საბჭოს შექმნის 70 წლისთავი შესრულდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG