Accessibility links

site logo site logo

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი: სახიფათოა დაუფიქრებელი განცხადებები დავით გარეჯთან დაკავშირებით  


სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იგიდოვი სასულიერო პირებსა და პოლიტიკოსებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მწვავე განცხადებებისგან დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით.

„ზოგიერთი პოლიტიკოსისა თუ სასულიერო პირის დაუფიქრებელი და მწვავე განცხადებები, რომლებიც ემოციურ ფონზე კეთდება, აზიანებს ორ ერს შორის ურთიერთობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს პოზიცია სულ სხვაა და არ წარმოადგენს აღნიშნული პირების პოზიციას. ჩვენი ქვეყნები მოძმე ქვეყნებია. შესაბამისად, მსგავსი განცხადებებისგან ყველა თავს უნდა იკავებდეს", - ამბობს სრულიად საქართველოს შეიხი.

რამინ იგიდოვი ფიქრობს, რომ საზღვრის დელიმიტაციის საკითხი მოკლე ვადაში უნდა მოგვარდეს და არცერთი მხარის ინტერესები არ უნდა დაზიანდეს. ის მზად არის ჩაერთოს ორმხრივი კომისიის მუშაობაში, თუკი ხელისუფლების მხრიდან ასეთი შეთავაზება იქნება.

რამინ იგიდოვი მიესალმება, რომ აზერბაიჯანულმა მედიამ არ გააშუქა მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის (აქიაშვილი) განცხადება, რომელიც, მისი თქმით, საქართველოს ინტერესების წინააღდეგ არის მიმართული. ის ქართულ მედია საშუალებებსაც მოუწოდებს, არ მოახდინონ მსგავსი განცხადებების ტირაჟირება.

„ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია როგორც ეთნიკური, ასევე რელიგიური ნიშნით დაპირისპირება და შესაბამისად - აღნიშნული საკითხის რელიგიურ ან ეთნიკურ კონტექსტში გადაყვანა“.

2 მაისს, როდესაც ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად დავით გარეჯის უდაბნოს ყველა ტაძრის მოსალოცად ჩავიდა, მეუფე იობმა მუსლიმების საწინააღმდეგო მწვავე განცხადებებიც გააკეთა.

25 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გზა გადაკეტეს და დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრისკენ აღარც სასულიერო პირებს ატარებდნენ. ამჟამად გადაადგილების პრობლემა მოხსნილია.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დავით გარეჯის საკითხი საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის ორმხრივი კომისიის ფარგლებში გადაწყდება. სამოქალაქო აქტივისტებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს, მათ შორის - დავით გარეჯში.

* თავდაპირველად სათაურში ეწერა "სრულიად საქართველოს შეიხი". გასწორებულ ვერსიაში წერია "სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი"

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG