Accessibility links

site logo site logo

ინტერნეტით ნარკოტიკების გაყიდვის ბრალდებით 7 პირია დაკავებული


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოვლენილია ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის მასშტაბური სქემა. შსს-ს ცნობით, დაკავებულია 7 პირი, მათგან 4 ერთი ოჯახის წევრია - დედ-მამა და 2 შვილი.

შსს-ს ოფიციალური ინფორმციით, ორგანიზებული ჯგუფი წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებდა და ინტერნეტით ახდენდა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას, კერძოდ, „რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა ინტერნეტ-პლატფორმა "მატანგაზე" დაარეგისტრირეს მაღაზია, სახელით MEGASHOP, რომლის მეშვეობითაც ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით ნარკოტიკული საშუალების შემძენ პირებს უგზავნიდნენ, თანხა კი ვებგვერდ ,,მატანგას’’ ანგარიშზე ერიცხებოდათ.“

შსს-ს ცნობითვე, მასშტაბური ოპერაციის შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის და ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება და აბები: „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „ამფეტამინი“ და "კოკაინი."

გამოძიება მიმდინარეობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, რაც სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

შსს-ს ცნობითვე, შვიდივე დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG