Accessibility links

site logo site logo

აზერბაიჯანის ელჩი საქართველოს საპატრიარქოში იმყოფებოდა


დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული პრობლემის გამო, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის, ფაშა ზადეს წარმომადგენელთან, ალი ალიევთან.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე ფეისბუქზე წერს, რომ შეხვედრები 4 და 5 მაისს შედგა.

პრესსამსახურის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ „საკითხი ეხებოდა დავით გარეჯთან დაკავშირებულ ვნებათაღელვას. საუბარში ხაზგასმით ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას ესაჭიროება მოფრთხილება და დაუშვებელია დაძაბულობის გაღვივება. რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსი უმნიშვნელოვანესი ქართული სიწმინდეა და შექმნილი პრობლემების გადაწყვეტა უნდა მოხდეს სასწრაფოდ.“

მამა ანდრია წერს, რომ საპატრიარქო გარეჯის მონასტერთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში ინტენსიურად იქნება ჩართული.

საუბარია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის წლების განმავლობაში შეუთანხმებელ სასაზღვრო მონაკვეთზე, რომელიც დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან გადის. რამდენიმე დღის წინ ეს მონაკვეთი კვლავ დაკეტეს აზერბაიჯანელმა მესაზღვრებმა, მოგვიანებით გახსნეს, თუმცა, თავად ფაქტმა საქართველოში საპროტესტო აქციები გამოიწვია.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკება უახლოეს ხანში განახლდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG