Accessibility links

site logo site logo

ვარშავაში გაიმართა საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტების შეხვედრა


სალომე ზურაბიშვილი და ანდჟეი დუდა. ვარშავა, 2019 წლის 7 მაისი

საქართველო-პოლონეთის ურთიერთობებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს პრეზიდენტებმა, სალომე ზურაბიშვილმა და ანდჟეი დუდამ.

მათი შეხვედრა 7 მაისს, ვარშავაში გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ანდჟეი დუდას გააცნო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები და კიდევ ერთხელ დასვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატის გაძლიერების და მაღალ პოლიტიკურ დონეზე აყვანის საკითხი.

ადმინისტრაციის ცნობითვე, ხაზი გაესვა პოლონეთის როლის მნიშვნელობას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა საკითხი, რომ ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიღწევები სათანადოდ შეფასდეს, არ იყოს განზოგადებული მიდგომები და ხელი შეეწყოს საქართველოს სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირში. ლაპარაკი იყო ცირკულარული მიგრაციის საკითხზეც.

ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას აღინიშნა მნიშვნელობა იმ ფაქტორისა, რომ 2019-2020 წლებში, პოლონეთის საელჩო ასრულებს საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციას.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისათვის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მნიშვნელობას და იმას, რომ საქართველოსთვის საინტერესოა სამი ზღვის - შავი, ბალტიის და ხმელთაშუა ზღვების ინიციატივაში მონაწილეობა, რაც ასევე, ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG