Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის აეროპორტში მომხდარი კატასტროფის მიზეზი შესაძლოა პილოტების შეცდომა ყოფილიყო


მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში მომხდარი კატასტროფის მიზეზი, რომლის შედეგადაც 41 ადამიანი დაიღუპა, შესაძლოა პილოტების შეცდომა ყოფილიყო. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი „კომერსანტი“.

ჟურნალისტები იმოწმებენ გამოძიებასთან ახლოს მყოფი წყაროს სიტყვებს. გამოცემის რესპონდენტებმა დაასახელეს რამდენიმე შეცდომა, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ავარიული დაჯდომისა და ხანძრის მიზეზი. პირველი მათგანია მფრინავების გადაწყვეტილება, ეფრინათ ავდრის ფრონტის გავლით. მეორე გადაწყვეტილება - დაჯდომა მაშინვე, როგორც კი თვითმფრინავზე მეხის დაცემის გამო მოქმედება შეწყვიტა ავტომატიკამ.

ექსპერტების თანახმად, მფრინავებს შეეძლოთ თვითმფრინავი რამდენიმე საათის განმავლობაში გაეჩერებინათ ცაში და დაეხარჯათ საწვავის მარაგი. ასე რომ მოქცეულიყვნენ, თვითმფრინავს აღარ მოუწევდა მაქსიმალური მასით დაჯდომა.

გარდა ამისა, „კომერსტანტის“ რესპონდენტთა თქმით, დაშვება მოხდა სახიფათო პირობებში. მათი თქმით, პილოტებმა გადააჭარბეს დაშვების ვერტიკალურ სიჩქარეს, რის გამოც თვითმფრინავი დასაფრენ ბილიკს დაენარცხა. მკვეთრი დაჯდომისას დაზიანდა საწვავის ბაკი და მას ცეცხლი წაეკიდა.

გამოძიება სწავლობს ავარიისას აეროპორტის სახმელეთო სამსახურების მოქმედებასაც, რომელთა რეაგირება შესაძლოა არ იყო დროული. ეს არაა საბოლოო დასკვნები. გამოძიების ოფიციალურ შედეგებს შეაჯამებენ სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტი და საგამოძიებო კომიტეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG