Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა: სუსმა გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა


საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვის გამოვლენით შეძლო თავიდან აეშორებინა რამდენიმე პირის მკვლელობა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე და კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო, ოპერატიული და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების შედეგად ეფექტურად შეძლო ამ დანაშაულის თავიდან აცილება“, - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, დანაშაულის პრევენცია განხორციელდა იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიება სუსმა დაიყწო 2018 წლის ივნისში, სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

„ამჟამად საქმეზე გამოძიება გრძელდება. ამასთან ერთად, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად, მიმდინარეობს მოპოვებული მტკიცებულებების შეფასება“, - აცხადებს პროკურატურა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 7 მაისს გაკეთებული განცხადებით, გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

სუსმა გამოაქვეყნა საუბრის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მალხაზ მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილს - მორის (ჰუსეინ) აძლევს დავალებას - შეისწავლოს სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ტერიტორია სოფელ მაჩხაანში.

მაჩალიკაშვილების ოჯახს სჯერა და ამას მუდმივად უსვამდა ხაზს, რომ სწორედ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას პანკისის ხეობაში, 2017 წლის დეკემბერში, როდესაც სასიკვდილოდ დაიჭრა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი.

თავად მალხაზ მაჩალიკაშვილი უარყოფს, რომ მსგავსი საუბარი ჰქონდა თავის ძმისშვილთან.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან გაკეთებულ კომენტარში მან უარყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 7 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაცია ტერორისტული აქტის ორგანიზებასთან დაკავშირებით.

„აზრზე არ ვარ, გოგაშვილის მამა სად არის დაკრძალული, ან ვინ არის. ეგ ერთი და მეორე, მე რაც აქ ვდგავარ და იმას ვცდილობ, რომ კანონის ფარგლებით დავსაჯო, ვინც თემირლანთან არის დამნაშავე, ვინც თემირლანის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა, ამას ვიძახი თორემ. იქ მაჩხაანში რა მინდა.

თუ მაგის სურვილი მქონდა და, თუ მაგის სურვილი მაქვს, როცა გოგაშვილი ცხოვრობს თბილისში. საერთოდ არ შემდგარა ეგ საუბარი ჩვენში. საერთოდ არ ყოფილა. ეგ არის რაღაც ფაბრიკაცია, ეგ არის რაღაც მონტაჟი. დასაკავებელი არაფერი არ მაქვს. დასაკავებელი რომ რამე ჩამედინა, წელიწადნახევარია, მე ქუჩაში ვარ,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG