Accessibility links

site logo site logo

საპატრიარქო დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ითხოვს


საქართველოს საპატრიარქომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით სახალხო დამცველსა და იუსტიციის სამინისტროს განცხადებებით მიმართა.

ა.წ. 20 მარტს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველის ოფისმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარების შესაფასებლად დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი ჩართო. მათ განაცხადეს, რომ მე-18 დაწესებულებაში პატიმარს არ უტარდება ის სამედიცინო დახმარება, რაც სჭირდება. ეს დასკვნა და სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომ იგი გადაყვანილი ყოფილიყო სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, გადაეგზავნა სასჯელაღსრულების დაწესებულებასაც.

ვინაიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე დღემდე რჩება მე-18 დაწესებულებაში, გთხოვთ, თქვენი მხრიდან გვაცნობოთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა",- აღნიშნულია წერილში, რომელიც საპატრიარქომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გიორგი პატარაძეს გაუგზავნა.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას სახელზე გაგზავნილ წერილში კი საპატრიარქო პასუხს ითხოვს კითხვაზე, რატომ არ შეასრულა იუსტიციის სამინისტრომ ომბუდსმენის ის რეკომენდაცია, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის მე-18 დაწესებულებიდან სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ითვალისწინებდა.

სახალხო დამცველი საპატრიარქოს პასუხობს, რომ იუსტიციის სამინისტროდან მიიღეს მასალები, რომლებიც დამატებით შესწავლას საჭიროებს. საპატრიარქოსადმი გაგზავნილი პასუხის თანახმად, ომბუდსმენის ოფისი იუსტიციის სამინისტროსთან კომუნიკაციას აგრძელებს და სამსახურის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს აკვირდება, რასაც საჭიროების შემთხვევაში მოჰყვება დამატებითი ღონისძიებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG