Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოსო გოგაშვილი პროკურატურას მიმართავს და დაკითხვას ითხოვს


სოსო გოგაშვილი
სოსო გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი პანკისის 2017 წლის დეკემბრის სპეცოპერაციასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. იგი ამბობს, რომ არც ყოფილა პანკისში და არც სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა. „იმ ღონისძიებასთან არანაირი შეხება არ მქონია, რასაც მაბრალებენ და ამბობენ, რომ მკვლელი ვარ. ეს იმ ტიპის ღონისძიება არ იყო, სადაც მაღალი თანამდებობის პირები დადიან“,-უთხრა სოსო გოგაშვილმა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“. ინტერვიუში იგი მიმართავს პროკურატურას, დაკითხონ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე:

მინდა პროკურატურას მივმართო და ვუთხრა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მინდა, რომ დამკითხონ - დამკითხონ, ვიყავი თუ არა ჩასული პანკისის ხეობაში. იმ დროს, თბილისში ვიყავი, ისევე როგორც, ყველა ხელმძღვანელი. ჩემთან ერთად იყვნენ სტუმრები, ამის დადგენა მარტივად შეიძლება, მათ შორის, სატელეფონო ანძებით და სხვა ტექნიკური საშუალებებით. ასევე გამოსაკითხია გამომძიებლები, დაკავების ჯგუფი, მე ვხელმძღვანელობდი თუ არა ღონისძიებას“,-განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 7 მაისს გაკეთებული განცხადებით, გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

სუს-მა გამოაქვეყნა საუბრის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მალხაზ მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილს - მორის (ჰუსეინ) აძლევს დავალებას - შეისწავლოს სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ტერიტორია სოფელ მაჩხაანში.

მაჩალიკაშვილების ოჯახს სჯერა და ამას მუდმივად უსვამდა ხაზს, რომ სწორედ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას პანკისის ხეობაში, 2017 წლის დეკემბერში, როდესაც სასიკვდილოდ დაიჭრა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG