Accessibility links

site logo site logo

ტრამპმა ჩინეთი სავაჭრო ომის თავიდან აცილების შეთანხმების ჩაშლაში დაადანაშაულა


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის მმართველები დაადანაშაულა ტარიფების გაზრდის თავიდან აცილების შეთანხმების ჩაშლაში. ამას შეიძლება მოჰყვეს სავაჭრო ომი ორ ქვეყანას შორის.

ამის თაობაზე ტრამპმა ფლორიდაში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი გამოსვლის ჩანაწერი ტვიტერით გავრცელდა. ტრამპის თქმით, ჩინეთის ლიდერებმა დაარღვიეს შეთანხმების პირობები და ამისთვის მათ მოუწევთ გადახდა, ამაში ცუდი არაფერია, განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ტარიფების გაზრდის შემდეგ ჩინეთს მოუწევს აშშ-თვის წლიურად 100 მილიარდი დოლარის გადახდა საბაჟო გადასახადის სახით.

8 მაისს ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა გადასახადები გაეზარდა ჩინური საქონლის ნაწილზე, რომლის მთლიანი საფასური 200 მილიარდი დოლარია. საპასუხოდ ჩინეთმა განაცხადა, რომ საპასუხო ზომებს მიმართავს.

სავაჭრო ომის მოლოდინში აშშ-ის ეკონომიკური ინდექსი 2 %-ით დაეცა, ხოლო ჩინურისა - 5 %-ით. ამ თვეში ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია ნავთობის ფასმა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი ორი მეათედი პროცენტით შეამცირა.

ხუთშაბათს ვაშინგტონში მოლაპარაკების გასაგრძელებლად მოელიან ჩინეთის ვიცე-პრემიერს, ლიუ ჰეს.

აპრილში ჩინეთის კომპარტიის ხელმძღვანელობამ ამერიკის მხარეს პირობა მისცა, რომ დათმობებს გააკეთებდა. ტრამპის ადმინისტრაცია თვლის, რომ ჩინეთი აშშ-ში ძალიან ცოტა საქონელს ყიდულობს იმასთან შედარებით, რასაც აშშ შეისყიდის ჩინეთში. სავაჭრო დეფიციტი 400 მილიარდ დოლარს აღემატება. ამას გარდა, პეკინი აშშ-ს ბრალად სდებს ამერიკელ მწარმოებლებს საავტორო უფლებების დარღვევაში. ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებად ტრამპი აცხადებდა, რომ დააბრუნებდა აშშ-ში წარმოებას, რომელიც განვითარებად ქვეყნებში იყო გატანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG