Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Rammstein-ის „ის” სიმღერა. - Ja? – NEIN!


ვინც არ იცით რაშია საქმე - ვეტერანმა გერმანულმა ჯგუფმა „რამშტაინმა“ (ცნობილი ბენდია, მსოფლიოში მილიონობით ადამიანს უყვარს.) ორი თვის წინ ახალი სიმღერა, Deutschland გამოუშვა და თან კლიპიც მოაყოლა.

კლიპს გამოსვლისთანავე ერთი ამბავი მოყვა. ზოგ ქვეყნებში მისი აკრძალვაც კი მოითხოვეს. ამბობდნენ - ჰოლოკოსტს დასცინის და ნაციზმის პროპაგანდას ეწევაო. სხვები - პირიქით, აკრძალვის მომთხოვნებს უტევდნენ. ჯერ ერთი, შინაარსი ვერ გაგიგიათ რადგან ჯგუფი ნაცისტებს, პირიქით, ეკაიფება. მეორეც, რა ყველაფრის აკრძალვას ითხოვთ, რა, თავად ხომ არ ხართ ნაცისტებიო.

სიმღერა მოსმენისთანავე შემძულდა და ვიფიქრე, რამეს დავწერ მაგაზე, ვინძლო ვინმეს აინტერესებდეს მეთქი. მაგრამ, ვიდრე ვეცოდვილებოდი, მაგ ამბავმა გადაიარა კიდეც და შევეშვი - ვიღას უნდა ერთი კვირის წინანდელი განხილვები. მაგრამ, ბარემ ცხრა მაისია და ახლა გეტყვით, რატომაც ვერ ავიტანე ეგ სიმღერა და მთლიანად ჯგუფი.

კლიპზე ვერაფერს გეტყვით. ვუყურე. ძირითადად ვერ გავიგე. როგორც მივხვდი, გერმანიის ისტორიაა მოყოლილი ვარუსის ლეგიონებიდან დღემდე და შუაში ჰოლოკოსტიცაა ნაჩვენები. განსაკუთრებულად აღმაშფოთებლად არაფერი მეჩვენა (ქვეყნის ისტორიას ყვება, უფრო შეურაცხმყოფელი ჰოლოკოსტის გამოტოვება იქნებოდა, რომ, აი, ვითომაც არა ყოფილა.)

მაგრამ, აი სიმღერის ერთი მომენტი ისეთი გულისამრევად მეჩვენა, რომ საშვილიშვილოდ წამიხდა ჯგუფზე შთაბეჭდილება.

კლიპის შუისკენ ჯგუფის ვოკალისტი ტილ ლინდემანი კამერას ეშმაკური ღიმილით უბრუნდება და „ნახე, ეხლა რას ვიტყვი“ სახით Deutschland über alles-ო მღერის - სიტყვებს, რომლითაც ადრე გერმანიის ჰიმნი იწყებოდა და დღეს ჰიტლერთან და ნაცისტებთან ასოცირდება.

„რამშტაინი“ სკანდალს და ეგეთებს არასოდეს ერიდებოდა. სცენაზე გიგანტური ცეცხლისმფრქვეველი პენისი გამოაქვთ ხოლმე. ეგეთი ტიპები არიან. უყვართ შოკის მოგვრა და რა ქნან.

ეს „უბერალესიც“, ცხადია მაგისთვის უნდათ და არა ნაციზმის პროპაგანდისთვის. სიმღერის ტექსტი, თუ გერმანულის მცოდნეებს დავუჯერებთ ირონიითაა გაჯერებული და, საერთოდ, ძალიანაც ჭკვიანურია. (მე მაგისი მაინცდამაინც არ მჯერა. ჯერ ერთი, თავიდან იმის ახსნით იწყებენ, რომ „დუ ჰასთ“ თურმე ორგვარად შეიძლება გაიგო კაცმა, რაც, კარგი ერთი, რას მეუბნები, არ გამაკვირვო... გერმანული „ზეენსვურდიგკაიტენის“ დონეზე მესმის და ეგ მეც კი ვიცოდი. თან, ერთხელ უკვე ხომ ითამაშეს მაგ სიტყვებით - 1997 წელს!)

მაგრამ, აი, ნახეთ, რა მიტყდება.

„მწვანე ოთახს“ აქვს ეგეთი სიმღერა, „მამა“, რომლის მისამღერსაც საბჭოთა კავშირის ჰიმნის მუსიკა ადევს და ტექსტში „სტალინი არის მამა“-ო ამბობენ. ცხადია, ირონიით. ირონიას ამ შემთხვევაში დიდი ძებნა და ქექვა არ ჭირდება - ზედაპირზე დევს.

აი, წარმოიდგინეთ რომ აჩიკო გულედანს და ბექა ჯაფარიძეს წლების განმავლობაში ქონდეთ ფლირტი კომუნისტებთან. და ამ სიმღერის ტექსტშიც ირონია ცოტა რთულად ამოსაცნობად ჰქონდეთ ჩამარხული. იმდენად, რომ კონცერტზე გაოფლილი კომუნისტი ახალგაზრდები მთელი გულით მღეროდნენ „სტალინი არის მამა“-ს. მეტიც, წარმოიდგინეთ, რომ ეს ამბავი „მწვანე ოთახმა“ წინასწარ იცოდეს - რომ აი, ამ ფრაზას უამრავი ადამიანი გულით, ყოველგვარი ირონიის გარეშე აიტაცებს.

რავი აბა, აკრძალვა-მაკრძალვაზე არ ვხურდები, მაგრამ თუ დავინახავდი, რომ ჩემი მეგობარი აჩიკო სცენაზე დგას და დარბაზში შეკრებილ სტალინისტებს უსწორებს, მაშინვე ყოფილ მეგობარ აჩიკოდ გადავაქცევდი.

ჰოდა, იმედია ეჭვი არავის გეპარებათ, რომ „რამშტაინის“ კონცერტზე უამრავი ადამიანი სრულიად გულწრფელად, ირონიისა და რამე ეგეთის გარეშე იყვირებს - „დოიჩლანდ უბერ ალესს“. არა სამშობლოს სიყვარულით, არამედ - ნაცისტების პატივისცემით.

ასევე უეჭველია, რომ ტილმაც და დანარჩენმა რამშტაინებმაც ეგ გადასარევად იციანდა ფეხზეც კიდიათ. პირიქით, უსწორდებათ კიდეც.

დარბაზს რომ ზიგჰაილებს აკეთებინებ, გულში გინდა ირონია გედოს და გინდა - არა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG