Accessibility links

site logo site logo

პრემიერ-მინისტრი პედაგოგების საშუალოზე დაბალ ხელფასს მძიმე მოცემულობად აფასებს


მამუკა ბახტაძე

„განათლება არის გზა თავისუფლებისკენ, ძლიერი, ერთიანი და დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბებისკენ, ევროპისკენ, კეთილდღეობისა და ყველა იმ მძიმე გამოწვევის დაძლევისკენ, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა სემინარის: „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ გახსნისას. სემინარში, რომელიც „ევროპის დღეების“ ფარგლებში, წელს მეექვსედ ტარდება, საჯარო სკოლების 150 პედაგოგი მონაწილეობს.

„ჩემთვის ძალიან მძიმეა იმის მოსმენა და სტატისტიკაში დანახვა, რომ პედაგოგების ხელფასი საქართველოში საშუალო ხელფასზე მცირეა. ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა. პარლამენტში განიხილება ჩემი ინიციატივა ეროვნული იდეის, განათლების რეფორმის შესახებ, რომლის მიხედვითაც ჩვენ მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს, ანუ ბიუჯეტის მეოთხედს ყოველთვის მივმართავთ განათლებისკენ. ეს იქნება ვალდებულება ნებისმიერი მთავრობისთვის შემდეგი ათწლეულების განმავლობაში. რეფორმის ერთ-ერთი მიზანი, ბუნებრივია, იქნება რომ პედაგოგი, როგორც პროფესია საქართველოში დაფასებული და პრესტიჟული იყოს“ - თქვა მამუკა ბახტაძემ. მისი შეფასებით, საქართველოს განათლების სფეროში წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებს მოაგვარებს მასშტაბური რეფორმა, რომელსაც მთავრობა გეგმავს

პროექტი „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ" საქართველოს ყველა რეგიონისა და თბილისის პრდაგოგებს აძლევს საშუალებას, მიიღონ სრულფასოვანი ინფორმაცია ევროკავშირის ისტორიის, ევროპული ღირებულებების და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის სარგებლის შესახებ.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის მხარდამჭერები არიან ფრიდრიხ ებერტის ფონდი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ესტონური ცენტრი.

ამ პროექტის მონაწილე იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა, რომელიც „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ათ ფინალისტს შორის აღმოჩნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG