Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია:უვიზო მიმოსვლა არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ თუმცა მოითხოვს ნაბიჯების გადადგმას


საქართველოს და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრების, გიორგი გახარიას და კრისტოფ კასტანერის შეხვედრა
საქართველოს და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრების, გიორგი გახარიას და კრისტოფ კასტანერის შეხვედრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ორგანიზებული დანაშაული და თავშესაფრის მაძიებლების პრობლემა დაასახელა უმთავრეს გამოწვევებად, რომლებსაც საქართველომ და საფრანგეთმა ერთად უნდა უპასუხონ.

10 მაისს, გიორგი გახარია თბილისში შეხვდა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, კრისტოფ კასტანერს, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში პირველად იმყოფება.

გახარიამ და კასტანერმა ხელი მოაწერეს საქართველოს და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ადმინისტრაციულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებული თანამშრომლობის გაძლიერებას. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე საკითხებს თვეში ერთხელ, სატელეფონო საუბრის ფორმატით განიხილავენ.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი გახარიამ თქვა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი მიღწევა და ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტუმენტია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ამ მიღწევას არანაირი საფრთხე არ შეექმნას.

„მინდა მადლობა ვუთხრა ფრანგ კოლეგებს, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის ამ მიღწევის შენარჩუნება და რა თქმა უნდა, არცერთ შემთხვევაში ეს მიღწევა არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა მოითხოვს ჩვენი მხრიდან გარკვეული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას“ - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი გახარიას შეფასებით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან ხელმოწერილი შეთანხმება ხელს შეუწყობს ორგანიზებულ დანაშაულთან ერთობლივად ბრძოლის მეტ ეფექტურობას. გახარიას ინფორმაციით, ამ შეთანხმებით, ქართული პოლიციის ორი ოფიცერი უშუალოდ ჩაერთვება ფრანგული პოლიციის გამოძიების პროცესში მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში დანაშაულს ჩაიდენენ, ან ეჭვმიტანილნი იქნებიან დანაშაულის ჩადენაში.

გიორგი გახარიას განცხადებით, განიხილეს ის ზომებიც, რომლებიც საქართველომ უკვე მიიღო თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შესამცირებლად და ასევე, ნაბიჯები, რომლებიც დამატებით უნდა გადაიდგას. მინისტრის ინფორმაციით, საფრანგეთის საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლები იმუშავებენ საქართველოში და საქართველოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები პარიზში, ლიონსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში, რომლებთანაც საქართველოს ექნება პირდაპირი ავიარეისები. „იმისთვის, რომ ჩვენ წინასწარ მოვახერხოთ რისკების შეფასება, რომელიც შეიძლება არსებობდეს თავშესაფრის მოთხოვნის კონტექსტში“ - თქვა გიორგი გახარიამ.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ გეგმა, რომელიც საქართველოს აქვს საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შესამცირებლად, შედეგიანი იქნება, რადგან გახარიას თქმით, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მიმართებით უკვე განხორციელებულმა გეგმამ შედეგი გამოიღო.

„თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა მას შემდეგ, რაც საქართველომ დამსახურებულად მიიღო უვიზო მიმოსვლა, იყო ბუნებრივი და მოსალოდნელი პროცესი. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით აღვიქვამთ ევროპელი კოლეგების კითხვებს, ერთობლივად ვმუშაობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი მუშაობით ამ მონაცემებს შევამცირებთ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს დაახლოებით ორი წელია აქვს უვიზო მიმოსვლა, რომლითაც უკვე ისარგებლა და ევროპაში იმოგზაურა 400 000-ზე მეტმა მოქალაქემ, მათ უდიდეს უმრავლესობას კანონი არ დაურღვევია და საქართველოში დაბრუნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG