Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტის ფონზე კომუნისტებმა სტალინის ბიუსტი აღმართეს ციმბირში


სტალინის ბიუსტი ნოვოსიბირსკში
სტალინის ბიუსტი ნოვოსიბირსკში

რუსმა კომუნისტებმა 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 74-ე წლისთავზე,საბჭოთა დიქტატორის იოსეფ სტალინის ბიუსტი აღმართეს ქალაქ ნოვბოსიბირსკის კომუნისტური პარტიის ოფისის წინ მდებარე სკვერში. „ამ მონუმენტის გახსნით, ჩვენ პატივს მივაგებთ დიადი გამარჯვების გენერალისიმუსს. ჩვენ უფლებას არ მივცემთ ე.წ. ლიბერალებს დაამახინჯონ ისტორია“, - განაცხადა ნოვოსიბირსკის მერმა, ანატოლი ლოკოტამ, რომელიც თავად არის რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი.

ბიუსტის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა დაახლოებით 200 კაცი, უმეტესწილად მოხუცები, რომლებსაც ხელთ ეპყრათ სტალინის სურათები და საბჭოთა სიმბოლიკიანი დროშები. მათი უმრავლესობა აცხადებდა, რომ სტალინმა გადაარჩინა ქვეყანა, ხოლო რეპრესიების ჩატარება იყო „აუცილებელი, რადგან ქვეყანას უმარავი მტერი ჰყავდა“.

კომუნისტური პარტიის შენობის წინ ერთკაციანი აქცია გამართა ნოვოსიბირსკში მცხოვრებმა სამოქალაქო აქტივისტმა, თემურ ხანოვმა, რომელმაც ნოვოსიბირსკის „შეურაცხყოფა“ უწოდა სტალინის ძეგლის გახსნას.

მანამდე დაახლოებით 11, 500-მა კაცმა მოაწერა ხელი საინტერნეტო პეტიციას, რომელიც გმობდა ბიუსტის დადგმის გეგმას.

ციმბირის მთავარი ქალაქი ნოვოსიბირსკი, ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის სადაც ათასობით საბჭოთა მოქალაქე იძულებით გადაასახლეს, როგორც „ხალხის მტრები“, სტალინის ბრძანებით 1930-იან წლებში გატარებული „წმენდის“ დროს.

დებატები სტალინის ბიუსტის გახნის თაობაზე 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა მიმდინარე წლის მარტამდე, ვიდრე ქალაქის ხელისუფლებამ თანხმობა არ გამოთქვა, ძეგლის კომუნისტური პარტიის ოფისის წინ დადგმაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG