Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ მაჩალიკაშვილი: არ მადარდებს დამაკავებენ თუ არა


არც ის მანაღვლებს დამიბარებენ თუ არა დაკითხვაზე და არც ის, დამაკავებენ თუ არა. მე ერთი რამ მანაღვლებს, ხელისუფლება აღიარებს თუ არა შეცდომას, რომ თემირლანი უდანაშაულოდ მოკლეს, - განუცხადა ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელსაც გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მან დაკითხვისას სუს-ის ყველა კითხვას უპასუხა.

„მე ყველა იმ კითხვას გავეცი პასუხი, რაც კი მითქვამს, რაც მქონია გააზრებული, რაც გამიფიქრია და გადამიფიქრია. მე დასამალი არ მაქვს არაფერი და არც დავმალავ. არ მგონია განმეორებით დაკითხვაზე დამიბარონ, მაგრამ საქმე სასამართლოს გადაეცემა და სასამართლო გადაწყვეტს ვარ დამნაშავე, ვარ დასასჯელი თუ არა და დაველოდებით სასამართლოს", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველანაირი ღირსეული ჩარჩოებიდანაა გასული და მათგან ყველაფერს ელოდება.

„არც ის მანაღვლებს დამიბარებენ თუ არა დაკითხვაზე და არც ის, დამაკავებენ თუ არა. მე ერთი რამ მანაღვლებს, ხელისუფლება აღიარებს თუ არა შეცდომას, რომ თემირლანი უდანაშაულოდ მოკლეს, ამათ მიაწებეს თემირლანს ტერორისტის იარლიყი თავისი ტყავის გადასარჩენად. ჩემი ბრძოლა გაგრძელდება იმ დღემდე, ვიდრე ხელისუფლება არ იტყვის - დიახ, ჩვენ დავაშავეთ მაჩალიკაშვილის ოჯახის წინაშე, ჩვენ დავაშავეთ პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტების წინაშე, ჩვენ დავაშავეთ ქართველი ერის წინაშე. სანამ ამ სიტყვებს არ იტყვის ხელისუფლება, ვართ ასე", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვაზე დაბარება უკავშირდებოდა სუს-ის მიერ გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც მალხაზ მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილს - მორისს (ჰუსეინ) მისცა დავალება - შეესწავლა სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ტერიტორია სოფელ მაჩხაანში.

2017 წლის 26 დეკემბერს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციისას სპეცრაზმელებმა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაჭრეს. იმავე დღეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი წინააღმდეგობის გაწევას და ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა. თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ და დღემდე მტკიცედ უარყოფენ გარდაცვლილი თემირლანის მშობლები. მათი თქმით, სპეცრაზმელებმა მათ შვილს საწოლში მძინარეს ესროლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG