Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში აღნიშნავენ "აღმოსავლეთის პარტნიორობის" მეათე წლისთავს


დღეს ბრიუსელში იხსნება ევროკავშირისა და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

ბრიუსელში გაიმართება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ათი წლისთავისადმი მიძღვნილი მაღალი დონის ღონისძიებაც, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრება.

"საიუბილეო ღონისძიებები კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ როგორც ევროკავშირმა, ასევე პარტნიორმა სახელმწიფოებმა შეაფასონ განვლილი პერიოდი და დასახონ სამომავლო მიზნები" - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო აღიარებულია, როგორც "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ლიდერი და ყველაზე წარმატებული ქვეყანა, რომელმაც ხელშესახებ შედეგებს მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ზალკალიანის განცხადებით, საქართველო აგრძელებს ამ მიზნისკენ სვლას და სწორედ ამას ემსახურება ევროკავშირთან ინტეგრაციის საგზაო რუკის ინიციატივა.

„აუცილებელია, რომ ჩვენ ყველამ, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმა გამოვიტანოთ სწორი დასკვნა განვლილი პერიოდიდან და სწორი დასკვნების საფუძველზე განვსაზღვროთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს 2020 წლის შემდეგ. ბუნებრივია საქართველო, მიუხედავად ევროკავშირის წინაშე არსებული გამოწვევებისა, უფრო მეტი ენერგიით გააგრძელებს მცდელობებს და რეფორმებს, რათა ქვეყანა მოვამზადოთ საბოლოო მიზნისთვის“- თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ საქართველო პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად ბევრს მუშაობს იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული უვიზო მიმოსვლის არასწორი გამოყენების შემთხვევები და მათგან მომდინარე რისკები.

„აღმოსავლეთის პარტნიორობის” მონაწილე ქვეყნები არიან საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდავეთი და ბელორუსია. ინიციატივა მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნების ხელშეწყობას, რათა მათ მიაღწიონ ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG