Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში დაიწყო ექსპრეზიდენტ ქოჩარიანის სასამართლო


სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი, სასამართლოს წინაშე წარდგა მისი ათწლიანი მმართველობის ბოლო კვირებში, 2008 წლის აპრილში, კონსტიტუციური წყობის დამხობის ბრალდებით.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტები ერევნის სასამართლოდან იუწყება, რომ 13 მაისს პირველი სხდომა დაიწყო იმის განხილვით, ქოჩარიანი გირაოთი უნდა გაუშვან თუ შინაპატიმრობაში გადაიყვანონ სასამართლოს მსვლელობის დროს. საკუთრივ ბრალდებაზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია.

ქოჩარიანს ბრალი ედება უშიშროების ძალებისთვის უკანონო ბრძანების გაცემაში, რათა მათ ძალა გამოეყენებინათ ოპოზიციის მომხრეების მიმართ - რომლებიც აპროტესტებდნენ გაყალბების შესახებ ცნობებს 2008 წლის თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში. რვა დემონსტრანტი და ორი პოლიციელი შეეწირა 2008 წლის 1 მარტს დაწყებული საპროტესტო აქციების ჩახშობის პროცესს უშიშროების ძალების მხრიდან. ძალის გამოყენებამდე ქოჩარიანმა სამკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

64 წლის ქოჩარიანი 1998-დან 2008 წლამდე იყო პრეზიდენტი. ის დეკემბერში დააკავეს და მას შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სააგენტო ფრანს-პრესისთვის ციხიდან გაგზავნილ განცხადებებში ქოჩარიანი მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს "მხოლოდდამხოლოდ უკანონობას" უწოდებს. "სომხეთის ამჟამინდელმა მთავრობამ მე დამნაშავედ გამომაცხადა, და მართლმსაჯულების სისტემა ამ თავისი ბატონის სამსახურში დგას" - ამბობს ქოჩარიანი სააგენტოს მიერ 13 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG