Accessibility links

site logo site logo

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ენგურჰესზე იმყოფებოდა


ენგურჰესი

ენერგეტიკულ სფეროში ტერიტორიული მთლიანობა შენარჩუნებული გვაქვს - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ენგურჰესზე იმყოფებოდა. თურნავას ინფორმაციით, დაგეგმილია, რომ აქტიური ტემპით გაგრძელდება ენგურვარდნილის კასკადის რეაბილიტაცია, რომლის პირველი ეტაპი 2016 წელს დასრულდა.

„ახლა ვიწყებთ კვლევას, რომ ენგურვარდნილი გავიყვანოთ მთლიანად თავის დადგმულ საპროექტო სიმძლავრეზე, ისე, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული ჯერ კიდევ წინა საუკუნის 70-იან წლებში - 1640 მეგავატი“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. მისივე თქმით, პირვანდელი სახით აღდგება მთლიანად ენგურვარდნილის კასკადი და ის მთელ საქართველოს მოემსახურება.

ნათია თურნავას ჟურნალისტებმა ჰკითხეს ოპონენტების ნაწილის ბრალდებებზე, რომ საქართველოს მთავრობა ენგურჰესით ელექტროენერგიას აწვდის აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს და ასევე, ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციაზე, რომ ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილის აფხაზეთში დახარჯვას სავარაუდოდ, განაპირობებს ბიძინა ივანიშვილთან კავშირის მქონე კომპანიის მიერ ბიტკოინების წარმოება.

„ენგურჰესი აწვდის ელექტროენერგიას სრულიად საქართველოს, მათ შორის აფხაზეთს. ეს არის ერთ-ერთი იმ ძალიან მცირეთაგანი ძაფებისგან, რაც ჩვენ დაგვრჩა და გვაერთიანებს აფხაზებთან. უნდა მოვუფრთხილდეთ იმას, რომ ჩვენი ენერგეტიკული სისტემა დღესაც, მტრის მცდელობის მიუხედავად, ერთიანია. ჩვენ ენერგეტიკის სფეროში ტერიტორიული მთლიანობა, შეიძლება ითქვას, გვაქვს შენარჩუნებული" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ელექტროენერგიით აფხაზეთის მომარაგება საქართველოს სუვერენული ინტერესია, ამ თემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება მიუღებელია და მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. თურნავამ ამორალური უწოდა იმას, რომ ცრუ და გადაუმოწმებელი ცნობების გავრცელებით, ეს თემა და ქვეყნის სუვერენული ინტერესი გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ ვიღაცას პოლიტიკურ დებატებში ავნო.

„ჩვენ, პირველ რიგში, ვაწვდით ელექტროენერგიას აფხაზ დებს და ძმებს, ქართველებს და აფხაზებს, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ისინი ისედაც რთულ ყოფაში არიან და ვერ დავაყენებთ ენერგეტიკული კრიზისის საფრთხის წინაშე“ - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

ენგურვარდნილის კასკადი ოთხი ჰესისაგან შედგება და მათგან დღეს მხოლოდ ერთი მუშაობს. დანარჩენი სამი, რომლის საერთო სიმძლავრე 120 მეგავატი იყო და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა მოქცეული, გასული საუკუნის 90-იან წლებში გაიძარცვა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამივე ჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 80-85 მილიონი აშშ დოლარია.

საქართველოს მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს 2018-2021 წლებში ენგურჰესზე დამასრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებას. პროექტის ფარგლებში იგეგმება გვირაბის რეაბილიტაცია, ჰიდრომექანიკური და ელექტრომექანიკური სამუშაოები და ენგურის წყალსაცავიდან დანალექი მასების ამოღება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG