Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთი ემხრობა ევროკავშირის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებთან


პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი გამოდის მოწოდებით, გააქტიურდეს თანამშრომლობა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრ ექვს ქვეყანასთან, რაც ითვალისწინებს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირსა და თავისუფალ ვაჭრობას ექვსეულს შორის.

ჩაპუტოვიჩი ამ წინადადებით გამოვიდა 14 მაისს ბრიუსელში, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მე-10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე.

ევროკავშირის პროგრამა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრები არიან საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდავეთი, უკრაინა და ბელორუსი.

საქართველოს, მოლდავეთსა და უკრაინას გაფორმებული აქვთ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებები და სარგებლობენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმით. მაგრამ ნათელი არ არის, ამის შემდეგ რას მოუტანს მათ „აღმოსავლეთის პარტნიორობა“, რადგან საუბარი არ არის ევროკავშირში გაწევრიანების რეალურ, ხელმისაწვდომ პერსპექტივაზე.

ჩაპუტოვიჩს, რომლის ქვეყანაც შვედეთთან ერთად იყო „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ინიციატორი 2009 წელს, შესაძლებლად მიაჩნია ინსტრუმენტების შექმნა ურთიერთობის „ინსტიტუციონალიზაციისათვის“.

პოლონელი მინისტრის აზრით, ეს უნდა იყოს, პირველ რიგში, "აღმოსავლეთის პარნტიორობის" ქვეყნების მუდმივმოქმედი სამდვინო ბრიუსელში. სამდივნოში მივლინებული დიპლომატები იზრუნებენ "უკვე არსებულ სისტემებზე" და შეეცდებიან თავიანთი კურსის კოორდინირებას, იზრუნებენ კონტაქტებზე ევროკავშირის ინსტიტუტებთან.

მისივე აზრით, აღმოსავლეთის ქვეყნებს უნდა ჰყავდეთ მორიგე თავმჯდომარე, რომელსაც უშუალო კონტაქტი ექნება ევროკავშირის ექვსთვიანი ვადით მოქმედ მორიგე თავმჯდომარესთან.

ჩაპუტოვიჩმა მაგალითად მოიყვანა ვიშეგრადის ოთხეული - ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი, რომლებმაც ერთად შექმნეს ცენტრალური ევროპის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ვიდრე 2004 წელს გაწევრიანდებოდნენ ევროკავშირში.

ჩაპუტოვიჩის წინადადებაზე იმსჯელებენ, როცა ევროკომისია წელს მოგვიანებით დაიწყებს საჯარო კონსულტაციებს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მიზნებზე მომავალი ათწლეულისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG